მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პირველი მუსიკალური ფესტივალი დაიწყო

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში პირველი მუსიკალური ფესტივალი დაიწყო. ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ სასახლის “ინტერკლუბში” ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ახალი, ქართული სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
მისივე თქმით, ფესტივალი ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას, ახალი საბავშვო სიმღერების შესაქმნელად.
“მოგეხსენებათ, ქართული სიმღერა ყოველთვის სასურველია, განურჩევლად ასაკისა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ასეთი ფესტივალი, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ახალი, ქართული სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებების და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობა იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება. გარდა ამისა, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მუსიკალური რეპერტუარის მუდმივი განახლება. ეს ფესტივალი კი სწორედ ამას შეუწყობს ხელს, რათა მოხდეს უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება ახალი საბავშვო სიმღერების შექმნისათვის”, – აღნიშნა თინა რუხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, განაცხადები 31 მაისის ჩათვლით მიიღება და ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ასაკის მქონე სიმღერის ან ლექსის ავტორს შეეძლება.
“რა თქმა უნდა, ამ ფესტივალში ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მონაწილეობის საშუალება და ნებისმიერ კომპოზიტორსა თუ პოეტს ველოდებით. მონაწილეობის მსურველებისათვის კი საბუთების მიღება 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ სიმღერის, მუსიკის ან ლექსის ავტორების ასაკი შეზღუდული არ არის და ნებისმიერ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება მთავარ მოთხოვნას, ესაა, რომ მათ უნდა წარმოადგინონ ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. გარკვეულ პერიოდში კი მოხდება ამ ნაწარმოებების გადარჩევა, რომლებსაც შემდგომ სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები შეასრულებენ. ეს ყველაფერი უკვე ახალი სემესტრიდან განხორციელდება და ვფიქრობთ, რომ ფესტივალის ფინალი ნოემბრის თვეს არ გადაშორდება. თუმცა ეს ყველაფერი უბრალოდ არ ჩაივლის, გაიმართება გალა კონცერტი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, აღნიშნული ფესტივალი ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი თავის სათქმელს ნამდვილად იტყვის”,- განაცხადა თინა რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები