ზვიად ქორიძე: შეწყალების პროცესის მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს შეწყალების პროცესის მიმართ, მიზანმიმართულ შეტევას უწოდებს. ირაკლი ქორიძის საქმესთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის თქმით, არსებობდა როგორც საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა, ასევე შეწყალების კომისიის დადებითი რეკომენდაცია და პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე მიიღო.
ზვიად ქორიძის განცხადებით, ინფორმაცია, ირაკლი ქორიძის შესაძლო ნათესაური კავშირის შესახებ პრეზიდენტთან, შეწყალების კომისიას არ ჰქონდა.
“მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მსგავსი ინფორმაცია კომისიას არ ჰქონდა, მეტიც, ასეთი ტიპის ინფორმაციები კომისიას საერთოდ არ გააჩნია და როდესაც ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ესა თუ ის საჯარო პირი ან მედიასაშუალება, ბუნებრივია მან გარკვეული წილი პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმის გამო, რომ ის ამით ძალიან სერიოზულ ჩირქს სცხებს კონკრეტულად შეწყალების საქმეთა კომისიას, რომლის წევრებს აქვთ საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია და აღიარება და ეს ადამიანები ნამდვილად არ იღებენ გადაწყვეტილებებს რაღაც ნათესაური კავშირების და სხვა ინტერესების გამო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გადაწყვეტილებებს დოკუმენტაციის სახით პრეზიდენტს სთავაზობს შეწყალების კომისია, ხაზს ვუსვამ, შეწყალების კომისია იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი საზოგადოების დეზინფორმირება მიდის, რომ თითქოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუშაობს შეწყალების აქტის მომზადებაზე, შეწყალების კომისიის წევრები იღებენ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებას, რომელსაც სთავაზობენ პრეზიდენტს და ამ რეკომენდაციების საფუძველზე პრეზიდენტი თავად, პერსონალურად, ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას გაიზიაროს ეს რეკომენდაციები თუ არ გაიზიაროს. ირაკლი ქორიძესთან დაკავშირებით კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილება იყო დადებითი, ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს მაშინ საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლება და პრეზიდენტმა ჩვენი რეკომენდაცია გაიზიარა”,- აცხადებს ზვიად ქორიძე.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ის პროცესიც გაიხსენა, რომელიც ირაკლი ქორიძის შეწყალებას უძღოდა წინ.
„2013 წლის დეკემბერს, იმიტომ რომ კომისიაში იყო ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და ჩვენ ერთმანეთს ვეპაექრებოდით სწორედ ამ არგუმენტებით, ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს საკითხი გადაიდო 2014 წლის იანვრისთვის, უკვე მეორედ კომისიამ სხდომაზე განიხილა ძალიან ბევრი დოკუმენტი, სხვათა შორის არა მხოლოდ ადამიანთა უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის დასკვნა თვისი დისკით, რომელიც იყო წარმოდგენილი და კიდევ სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგინა ირაკლი ქორიძის ადვოკატმა, წარმოადგინეს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც იცნობდნენ ამ საქმეს და ეს არ იყო მხოლოდ რეკომენდაციები, ეს იყო რაღაც კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული შეფასებები იმ პროცესებისა, რომლებიც თან ახლდა ამ საქმეს ირაკლი ქორიძის გასამართლებამდეც და გასამართლების შემდგომაც. ამიტომ, ჩვენ ყველა ეს დეტალი განვიხილეთ“,- აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური დღის წესრიგი პრეზიდენტთან დაპირისპირებას და მის წინააღმდეგ შავი პიარის წარმოებას ითვალისწინებს. ამ ფონზე ქორიძე მოუწოდებს ყველას, არ მიაწოდოს საზოგადოებას დამახინჯებული ფაქტები. მისივე თქმით, ირაკლი ქორიძე, 2014 წლის იანვარში შეწყალებული ყოფილი მსჯავრდებული, არ იყო გასამართლებული ნარკორეალიზაციაზე.
ზვიად ქორიძე ასევე გამოეხმაურა ცალკეული პოლიტიკური პარტიების პრეტენზიებსაც, რომელიც შეწყალების პროცესის შერჩევითობას და პოლიტიზირებას ეხება.
„ის, რომ შეწყალების კომისია არ დაინტერესებულა იმ ადამიანების საქმეებით, რომლებიც ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ პოლიტპატიმრებად, – ეს არის სიცრუე. შეწყალების კომისია ინტერესდება ყველა იმ საქმით, რომელიც შემოდის შეწყალების კომისიაში. ასეთი არგუმენტაცია, რომ ჩვენ ვართ რომელიმე პოლიტიკური გუნდის, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ სასურველი მსჯავრდებულის შეწყალების მომხრე და, რომელიღაცის არა, ეს არის უსამართლო მიდგომა თავად შეწყალების კომისიისა და შეწყალების პროცესისადმი. კიდევ ერთხელ ვამბობ, იყო შემთხვევა, როდესაც შეწყალებული მსჯავრდებულების გამო მმართველი გუნდი ადანაშაულებდა შეწყალების კომისიასა და პრეზიდენტს მიკერძოებულობასა და შერჩევითობაში, და არის შემთხვევა, ჩვენ ამას ვისმენთ, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საკუთარ პროტესტს გამოთქვამენ შეწყალების პროცესში მათთვის სასურველი მსჯავრდებულების შეწყალება-არშეწყალების გამო. ეს არ არის სწორი მიდგომა იმიტომ, რომ შეწყალების პროცესს პრეზიდენტი მარგველაშვილი არ განიხილავს პოლიტიკურ პროცესად; შეწყალების პროცესი ჩვენთვის კომისიის წევრებისთვის ეს არის სახელმწიფოს ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანური ფუნქციის სწორად გამოყენების საშუალება.
შეწყალების პროცესის მიმართ მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს არის მიზანმიმართული შეტევა არა მხოლოდ პრეზიდენტის მიმართ, არა მხოლოდ შეწყალების კომისიის იმ შემადგენლობის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მუშაობს, ან, რომელიც მუშაობდა თუნდაც 2014 წელს, არამედ ეს არის მიზანმიმართული შეტევა შეწყალების პროცესის, შეწყალების იდეის წინააღმდე და მე მინდა, ვთხოვო ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს იმიტომ, რომ თავისთვის სასარგებლო პოლიტიკური ქულა დაიწეროს, ძალიან სწორად გაიაზროს ეს იმიტომ, რომ საზოგადოებისათვის და სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის არის მნიშვნელოვანი, სწორედაც მაღალჰუმანური შეწყალების პროცესი, რომელიც დღეს საქართველოში წარმატებით ხორციელდება და ჩვენ ბოლო რამდენიმე დღეა ვაკვირდებით, როგორ მიზანმიმართულად ცდილობენ ამ პროცესის დანგრევას. ეს დაუშვებელია“,- განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები