თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტისთვის 500 ათასი ევროს ოდენობის გრანტი გამოიყოფა

დედაქალაქის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა. გრანტის მეშვეობით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრა“ თბილისის მერიას ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის დეტალურ გეგმას შესთავაზებს.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი თბილისის მერმა კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობის დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ მოაწერა.
„სისტრა“ კვლევაზე დაყრდნობით, მრავალკომპონენტიან, ვადაში გაწერილ პროგრამას შეიმუშავებს, რომელიც დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება. კომპანიამ მერიას დოკუმენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა შესთავაზოს.
პროგრამის შედგენამდე, კომპანია ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს, რაც ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების შესწავლასა და ხელახალ დაგეგმვას ითვალისწინებს. აღნიშნულ პროცესში გათვალისწინებული იქნება მეტროპოლიტენის მუშაობის სპეციფიკაც.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. ეს არის ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის გეგმა, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ შეიმუშავებს. აღნიშნული შეთანხმების შედეგად, კვლევა, რომელიც ახლო მომავალში ჩატარდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვანი დოკუმენტი ექნება. შედეგად კი, დედაქალაქის მოსახლეობამ კომფორტული, სწრაფი და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მიიღოს, რომელიც მგზავრთა საჭიროებებზე იქნება მორგებული და ქალაქის დატვირთვას სრულად დააკმაყოფილებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ქალაქის მთავრობას არაერთხელ დაუჭირეს მხარი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაა, რადგან ქალაქის განტვირთვა და არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გარკვეულწილად დაძლევა მასზეა დამოკიდებული. მომდევნო წლების განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება. წელს კი, 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ვგეგმავთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია ასევე, რომ EBRD-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდება, რომელშიც უსაფრთხოებისა და გენდერული თანასწორობის ელემენტების მხედველობაში მიღება მოხდება.
„ფრანგული კომპანიის, „სისტრას“ მიერ ჩატარდება კვლევა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის ყველა საჭიროების იდენტიფიცირება მოხდეს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, „სისტრა“, როგორც კვლევას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების გამოკითხვას ჩაატარებს, თუ სად იწყება მათი მგზავრობა, სად მთავრდება, რომელი საავტობუსო თუ მიკროავტობუსების მარშრუტები სად გადის, რამდენად ეფექტური და რენტაბელურია თითოეული მათგანი და ამის შემდგომ წარადგენს თავის რეკომენდაციებს სატრანსპორტო მარშრუტების შეცვლის, განახლების ან ახალი მიმართულებების დადგენის მიზნით“, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიაზე, საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსგავსი ღონისძიებების განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტს მხარს დაუჭერს.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას კარგად ესმის, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ კერძო ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლება მოხდეს. ვთანხმდებით იმაზე, რომ ევროკავშირი თბილისის მუნიციპალიტეტს ყველა მსგავსი ღონისძიების განხორციელებაში მხარს დაუჭერს. ჩვენი პარტნიორის – EBRD-ის მხარდაჭერით, შევძლებთ, ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამარშრუტო ქსელის ოპტიმიზაციას, რათა თბილისში აღნიშნული მიმართულება გაუმჯობესდეს. მინდა მოვუწოდო თბილისის მთავრობას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ტრანსპორტის რეფორმა, რომელიც თავისთავად, მოქალაქეებისა და ზოგადად, გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კარლო ნატალემ.
აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, „სისტრამ“ მერიას თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობის, გაჩერებების განრიგის, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს.
ამავდროულად, „სისტრა“ თბილისს გადასცემს სატრანსპორტო მოდელს – იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. იგი ქუჩათა ქსელსა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებას ახდენს. ამავდროულად, ეფექტურია ახალი მშენებლობების დაგეგმვისას სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის უბნების მომსახურების შესამუშავებლად.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის 101 მარშრუტს დაახლოებით, 530 ავტობუსი ემსახურება, რაც არასაკმარისია. თბილისის მერია უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, 700 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს. მათგან 100 დედაქალაქს წლის ბოლომდე შეემატება. „სისტრას“ რეკომენდაციების საფუძველზე, მერიას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მოცულობისა და რამდენი ავტობუსი ესაჭიროება თბილისს, რაც შესყიდვების პროცესში გათვალისწინებული იქნება.
ამავე დროს, თბილისის მერია გეგმავს მეტროს ახალი მატარებლებისა და ვაგონების შეძენას. შედეგად, მერია დედაქალაქის სულ უფრო მზარდ მოთხოვნებს მუნიციპალური ტრანსპორტით სრულად დააკმაყოფილებს.
პროექტის საერთო ღირებულება 800 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც 500 ათასი ევროკავშირის გრანტია, ხოლო 300 ათასი მერიის დაფინანსება. ხელშეკრულების განმახორციელებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. თბილისის მთავრობის მიერ მოწონებულ საგრანტო ხელშეკრულებაზე საკრებულოდან თანხმობა უკვე მიღებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები