თბილისის ოთხი ქუჩა, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, ყველაზე მეტი ქვეითი დაშავდა

“საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საგზაო უსაფრთხოების თემაზე, აუდიტის იმ დასკვნაზე ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
ეკა ლალიაშვილმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საგზაო უსაფრთხოების პრევენციის საკითხებზე ყურადღების გამახვილებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგეხსენებათ, რომ შარშან უკეთესი სტატისტიკური მონაცემები გვქონდა, ვიდრე წინა წლებში, თუმცა ხარვეზები არსებობს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ეს, აღმოფხვრის გარეშე, შემდეგ წლებში ხელს შეუშლის საგზაო უსაფრთხოების განვითარებას. დასკვნაში განხილულია სამინისტროების მუშაობის საკითხი, ასევე, რეკომენდაციებია შემუშავებული მათთვის, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საგზაო უსაფრთხოებაში. ეს სამინისტროებია: ეკონომიკის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, გზების დეპარტამენტი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და თბილისის მუნიციპალიტეტი“, – აღნიშნა ეკა ლალიაშვილმა.
გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დოკუმენტი ძალიან საინტერესოა და ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ჯერ დოკუმენტს არ გაცნობია, ლალიაშვილმა ურჩია აუცილებლად გაეცნოს, რათა დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციების შესრულებაზე ზრუნვის დაწყება ახლავე მოხდეს.
„ჩვენს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების წამყვანი უწყება არის ეკონომიკის სამინისტრო. დღესდღეობით ამ სამინისტროს აქვს მინიჭებული კოორდინაციის ფუნქცია. მე დავეთანხმებოდი აუდიტის სამსახურს, იმაში მეტი ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს, რადგან ჩვენ თუ განვიხილავთ ევროპის მაგალითებს, ზოგადად, წამყვან უწყებას აქვს უფრო მეტი ფუნქცია, ვიდრე მხოლოდ კოორდინატორის როლის შემსრულებელი. მას აქვს მონიტორინგი, მას უნდა ჰქონდეს შეფასების ინდიკატორები, რათა ჩვენ დავინახოთ თუ როგორ მიდის პროგრესი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელსაც რამდენიმე უწყება ახორციელებს. ვფიქრობ, წამყვან უწყებას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მეტი თანამშრომელი და ჰქონდეს მეტი ფინანსური რესურსი, რათა თავისი უფლებამოსილება სრულფასოვნად განახორიცელოს“,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს რეკომენდაცია უფრო საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, რათა ეკონომიკის სამინისტროს მეტი მანდატი შესძინოს.
ლალიაშვილმა, „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების კუთხით სავალალო მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„იმ საკოორდინაციო ჯგუფში, რომელშიც შესულია სხვადასხვა სამინისტროები და თბილისის მერია, არ შედის სხვადასხვა რეგიონალური მუნიციპალიტეტები და ამ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ პრაქტიკულად რეგიონებში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ნაკლები ზრუნვა და ნაკლები გეგმაა. ამიტომ ამ მიმართულებით რეგიონებში ნამდვილად სავალალო მდგომარეობაა.
შემდეგი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება, აქ ყურადღებას სტატისტიკის შეგროვებაზე ვამახვილებთ. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს ვერ ვახორცილებეთ იმ პრევენციულ ზომებს, რასაც ჰქვია პასუხი იმ გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს. ასევე, ვერ ხდება იმის გამო, რომ სტატისტიკამ ზუსტად შესაძლოა ვერ აღრიცხოს ზუსტი საგზაო შემთხვევების ადგილი და განსაკუთრებით ეს პრობლემები შეინიშნება რეგიონებში აღიცხვიანობის დროს. ეს არის დაახლოებით მთელი სტატისტიკის 25%, ვერ ხდება ე.წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება. „შავი წერტილები“ ეს ის ადგილებია, სადაც ხშირად ხდება საგზაო შემთხვევები და მას ხელისუფლების მხრიდან დროული რეაგირება სჭირდება. სწორედ სტატისტიკა და „შავი წერტილების“ რუკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ“,- განაცხადა “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ.
ეკა ლალიაშვილმა გზების დეპარტამენტის მიმართულებით არსებულ რეკომენდაციაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული დეპარტამენტი ძირითადად საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზეა პასუხისმგებელი.
„აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე, ორჯერ უფრო ნაკლები ავტოავარიები ხდება, ვიდრე შესაძლოა, თბილისში, თუმცა ორჯერ მაღალია ფატალური შემთხვევები. რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ავარია მაღალი რისკის შემცველია. ამიტომ, აქ არის საუბარი იმაზე, რომ უსაფრთხოების ნაწილზე იყოს მეტი ყურადღება და ფინანსური რესურსი გათვალსიწინებული, რათა თითოეული შემთხვევა, რომელიც ხდება, ნაკლებად ფატალური იყოს“,- განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ბოლო რეკომენდაცია, რომელზეც ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა, თბილისის მერიას ეხება, მისი თქმით, აღნიშნულ რეკომენდაციაში ბევრი ხარვეზია ჩაშლილი, კერძოდ, გზების სიგანე, სიჩქარის ლიმიტი და ა.შ.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზარების 90% მოქალაქეების იმ თხოვნას ეხება, რომელიც შემაკავებელი ბარიერებისა და შუქნიშნების დამონტაჟებას ეხება. მათ რომ გზის გადაკვეთის დროს პრობლემები ექმნებათ. ეს პრაქტიკულად გვიჩვენებს, რომ ქალაქში ფეხითმოსიარულეებისათვის გადაადგილების პრობლემა ნამდვილად არსებობს.
112-დან შემოსული ზარები გვაძლევს იმ ქუჩების ჩამონათვალს, სადაც ქვეითებზე მოხდა შეჯახება. 2016 წელს აღმაშენებლის ხეივანში 83 შეჯახება დაფიქსირდა, რომელსაც სხეულის დაზიანება მოჰყვა. ასევე ვარკეთილში, სადაც 57 ქვეითი დაშავდა, მოსკოვის გამზირზე, დადიანის ქუჩაზე – ეს არის პირველი ოთხეული, სადაც 2016 წელს ყველაზე ხშირად მოხდა ქვეითებზე შეჯახება. როდესაც წლის განმავლობაში ერთსა და იმავე მონაკვეთზე ხდება რამდენიმე საგზაო შემთხვევა, ზუსტად ეს ადგილებია შავი წერტილები და ამის აღმოსაფხვრელი მექანიზმები უნდა შევქმნათ აუცილებლად“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები