ლევან დავითაშვილი ბოკერიას: თქვენ გინდათ, დემაგოგიით შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში

თქვენ გინდათ, დემაგოგიით შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. ჩვენ გვინდა, გამოვასწოროთ პრობლემა, – ასე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატ გიგა ბოკერიას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომპანია RMG -ის საქმიანობაზე მსჯელობენ.
ლევან დავითაშვილის თქმით, წლების განმავლობაში, საერთოდ არ ხდებოდა კომპანიების საქმიანობის შემოწმება-ინსპექტირება.
„თქვენს დროს არავითარი შემოწმება არ ხდებოდა გარემოს დაცვის ნაწილში და ახლა გამოდიხართ და რაღაც ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ“, -მიმართა მინისტრმა ბოკერიას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრობლემები უნდა გამოსწორდეს.
„არათუ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება, დეპუტატები, ჩვენც იგივე პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ აქ არის პრობლემები და პრობლემები უნდა გამოსწორდეს. სად ნახეთ განსხვავებული პოზიცია, მე არ მესმის. რაც შეეხება ზიანი დღეს თუ კიდევ ადგება გარემოს, ჩვენ გამოსწორებაზე ვსაუბრობთ. ეს არის 70-იანი წლებიდან დაგროვებული ნაყარები, მძიმე მეტალების შემცველი, რომელიც წვიმის შემთხვევაში დააბინძურებს მდინარეს და თუ ჩვენ არ მოვახერხეთ გამოსწორება და შესაბამისი ზომები არ მივიღეთ, ნებისმიერი ლიცენზიატის ოპერირებისდა მიუხედავად, ეს პრობლემა იქნება ხალხისთვის. თქვენ გინდათ, დემაგოგიით შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. ჩვენ გვინდა, გამოვასწოროთ პრობლემა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები