საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს მიმართავს

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავს.
ალი ბაბაევი მათ მოუწოდებს სახალხო დამცველის მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ იზაბელა ოსიპოვას მხარი დაუჭირონ.
“საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს!
საქართველოს სახალხო დამცველმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა დაასახელა და პარლამენტს მოუწოდა, მის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭიროს.
ქალბატონმა ლომჯარიამ განცხადებაში მიუთითა, რომ ოსიპოვას კანდიდატურა „ერთხმად იყო მხარდაჭერილი საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ“. არ ვიცით, სად მოისმინა სახალხო დამცველმა, რომ ოსიპოვას საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები ერთხმად უჭერენ მხარს. ვიცით ის, რომ ჩვენ მის მიმართ, დიდი ხანია, კითხვები გვაქვს და სანამ სახალხო დამცველი ამ განცხადებას გააკეთებდა, კითხვები ყველა ზემოთ ხსენებული ჯგუფებისთვის უნდა დაესვა.
ქალბატონი ოსიპოვა 10 წელზე მეტია სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანია. ამ ხნის მანძილზე ის და მისი გარემოცვა მხოლოდ გრანტების მოპოვებით და საკუთარი სარგებლის მიღებით იყო დაკავებული. ეს ის საბჭოა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ, ალი ბაბაევმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროტესტის ნიშნად დატოვა. დატოვა იმიტომ, რომ ოსიპოვა და მისი სამეგობრო არაფერს აკეთებდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისთვის. უფრო მეტიც, ქალბატონი ოსიპოვა არც ერთხელ არ დაინტერესებულა იმ ადამიანთა ბედით, რომელთა სახელითაც დღეს მოქმედებს და რომლებიც წინა ხელისუფლების დროს განსხვავებული აზრისთვის იდევნებოდნენ. როდესაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატს აქვს „ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გაბედული და პრინციპული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია“, იქნებ კონკრეტული ფაქტები დაასახელოს _ ვისი უფლება დაიცვა ოსიპოვამ ან როდის იყო გაბედული? ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანთა ეროვნული კონგრესის წევრებს (ორგანიზაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს) მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველმა ამ ნაბიჯით შეურაცხყოფა მოგვაყენა, როცა ჩვენი სახელით ისაუბრა და არაფერი თქვა იმაზე, თუ რატომ არ დაუჭირეს წინა წლებში მხარი ოსიპოვას კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაზე (ის ოთხჯერ იყო ამ კანდიდატურაზე წარდგენილი).  გვესმის რა, რომ იზაბელა ოსიპოვა ნინო ლომჯარიას თანამშრომელია და გვესმის ისიც, რომ წარმოადგენს იმ დაჯგუფებას, რომელიც წლებია, ეთნიკური უმცირესობისთვის განკუთვნილი გრანტებით ცხოვრობს; გვესმის რა, რომ ამის გამო, წლებია პასუხს არავინ სთხოვთ, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ დეპუტატებს, მხარი არ დაუჭირონ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას, რომელიც სახალხო დამცველმა „საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლად“ დაასახელა“. გაფრთხილებთ, რომ ოსიპოვას მხარდაჭერა გამოიწვევს უკურეაქციებს და ამის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, რომ მხარი არ დაუჭიროთ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში”- აღნიშნულია მიმართვაში.  საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად იზაბელა ოსიპოვა 2 აპრილს წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები