My Way Airlines-მა პირველი ჩარტერი განახორციელა

ავიაკომპანია My Way Airlines-მა საინფორმაციო ფრენა განახორციელა. პირველმა ეკიპაჟმა ბორტზე მედიის წარმომადგენლებს, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად ტურისტულ სააგენტოებს და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ფრენის ფარგლებში ქართულმა ავიაკომპანიამ თბილისი-თეირანი-თბილისის რეისი განახორციელა. ღონისძიების ფარგლებში მგზავრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ კომპანიის სერვისებს და მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია საჰაერო ხომალდზე და ტექნიკურ საკითხებზე. ქალაქ თეირანში  ოფიციალური დახვედრა და კომპანიის პრეზენტაცია გაიმართა. მხარეებმა სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გამართეს.

ღონისძიებაზე, My Way Airlines-ის მოწვეული სტუმრებისთვის, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშებაც გაიმართა. კომპანიის ერთ-ერთ პირველ  გამარჯვებულ მგზავრს, ღია თარიღით 2 ბილეთი გადაეცა საჩუქრად, რომელსაც ის სურვილისამებრ ნებისმიერი მიმართულებით გამოიყენებს.

My Way Airlines -ის კომერციული დირექტორის, იგორ აფციაურის განცხადებით, კომპანია ავიაბაზარზე რეგულარული ფრენების დაწყებას 2018 წლის მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს.

„ფრენები თავდაპირველად თეირანის, კიევის, მინსკის, თელავივის და დუბაის მიმართულებით განხორციელდება, წელსვე დაგეგმილია რეისების შესრულება მოსკოვში, ჟუკოვსკის აეროპორტში, სამარაში და სანქტ-პეტერბურგში. აგვისტოდან კომპანია ავიარეისების განხორციელებას პეკინში, ურუმჩის გავლით გეგმავს. კომპანიის ავიაპარკი Boeing-737 ტიპის ორი თვითმფრინავით არის წარმოდგენილი, მესამე თვითმფრინავს ივლისის დასაწყისში, მეოთხეს კი დეკემბერში ველოდებით“,- განაცხადა იგორ აფციაურმა.

ირანის გაერთიანებული აეროპორტების წარმომადგენლებმა, ოფიციალურ შეხვედრაზე, ავიაბაზარზე, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქართულ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.

„მოხარულები ვართ, რომ My way airlines- მა პირველი რეისი სწორედ თეირანის მიმართულებით შეასრულა. იმედი გვაქვს, რომ  ეს რეისი პოპულარობას მოიპოვებს. თბილისსა და თეირანს შორის ფრენები არ უნდა იყოს მოკლევადიანი, . იმედი გვაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება  და ფრენების რაოდენობაც გაიზრდება. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა ირანის გაერთიანებული აეროპორტების დირექტორის მოადგილე მუჰამედრიზო ფერდიმ.

My Way Airlines-ს ექსპლუატანტის სერტიფიკატი (EOC) მიმდინარე წლის იანვრის თვეში მიენიჭა.  გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვლის თვეში აიღო.

ამ ეტაპზე ავიაკომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული და მარშრუტების ზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება. წლის ბოლომდე კომპანის 250 თანამშრომელი ეყოლება. My Way Airlines -ის საფრენოსნო სამსახურის უფროსის, სიმონ ჯამბაზიშვილის განცხადებით, ავიაკომპანია სრულად ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

„ვფიქრობ, რომ ქართული ავიაციის მთავარი მიღწევა იმ ქართველი პროფესიონალი მფრინავების სამშობლოში დაბრუნებაა, რომლებიც წლების განმავლობაში, ნებით თუ იძულებით იყვნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ გადახვეწილები“,- აცხადებს სიმონ ჯამბაზიშვილი.

My Way Airlines-ის მენეჯმენტს საწყის ეტაპზე განვითარების 3 ნაწილიანი სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კომპანია რეისებს თბილისიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-შიც განახორციელებს. კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ჰაბის ფუნქცია დაუბრუნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები