ადვოკატი: რას აკეთებდა ისეთს ზვიად დევდარიანი, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?

„რას აკეთებდა ისეთს ზვიად დევდარიანი, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს? ზოგადად ვამბობ, მიმოწერაზეა საუბარი“, – ამ რიტორიკული კითხვით მიმართა ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი დირექტორის ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საზოგადოებას.
ადვოკატმა, რომელიც ზვიად დევდარიანის ინტერსებს იცავს, დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ხვალ პროკურატურას მიმართავს და იმ პირების დასახელებას აპირებს, რომლებმაც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ „ბინძური“ კამპანია ააგორეს.
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია აცხადებს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, კონკრეტულმა ფოკუსჯგუფებმა ზვიად დევდარიანის მიმართ ააგორეს კამპანია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მის შესაძლო არჩევას უაკვშირდებოდა.
მისივე თქმით, აგორებული კამპანიის მიზანი იყო, რომ ზვიად დევდარიანს კანდიდატურა მოეხსნა.
„ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და საკმაოდ მყარი, რომ ეს პირდაპირ თუ ირიბად იყო დაკავშირებული ზვიად დევდარიანის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩევას. კონკრეტული ფოკუსჯგუფები, რომლებსაც ეს არ უნდოდათ, ააგორეს კამპანია და ერთ-ერთ მიზანი იყო ის, რომ მას მოეხსნა კანდიდატურა და ამ ეტაპზე მიაღწიეს მიზანს. კონკრეტულად ამ ადამიანების სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებ. სამართლებრივ ჭრილშია საუბარი. მე აქ ჭორაობას ვერ დავიწყებ. გამოძიებას ხვალ მივმართავ. ვიცი ყველას სახელები და გვარები, მაგრამ არ მოხდეს მტკიცებულების ფალსიფიკაცია კონკრეტული ჯგუფის მიერ არ გეტყვით. ხვალ მივმართავ პროკურატურას კონკრეტული საქმის აღძვრის მოთხოვნით. მივმართავ სასამართლოს და იქ გაიგებთ, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, სოციალურ მედიაში მიმდინარეობს ჭორაობა და ხალხმა ვერ გაიგო ვინ მტყუანია და ვინ მართალია.
“ეს ადამიანი მოძალადედ გამოაცხადეს. მეტსაც გეტყვით, როდესაც მისი უფროსი შვილი გავიდა ეზოში, უთხრეს, იცით რა არის მამაშენი? ასეთია თურმე, პატარა ბავშვებზეა საუბარი, ვინ აგებს პასუხს ასეთი ტიპის განცხადებაზე? როდესაც ხელში გიჭირავს მტკიცებულება გამოძიებიდან გამომდინარე, რომ ზვიად დევდარიანი არის მოძალადე, გაქვს უფლება გააკეთო განცხადება. ხვალ-ზეგ, მე ან თქვენ დაზღვეული ვართ მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? ან ჩვენი შვილები არიან დაზღვეული? ბავშვებმა რა დააშავეს? აქ უცებ წარმოშობა შეკითხვა, რომ მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს რომ როცა რა? რას აკეთებდა ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს? ზოგადად ვამბობ, მიმოწერაზეა საუბარი. თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი მიმოწერა და კომუნიკაცია. სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო პრივატულ ურთიერთობებს შორის, ეს არის დასადგენი და არა ის, რომ ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება. ამას ფართო ხასიათი აქვს და ეს არ დამთავრდება ამით. მე ვარ ზვიად დევდარიანის ადვოკატი და ვაპირებ, მისი კანონით გათვალისწინებული უფლებები იყოს დაცული. ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს დევდარიანის სახით ის პრეცედენტი, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა შეიძლება, რა არ შეიძლება და როგორ უნდა გავაკეთოთ. ამ ადამიანის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს”, – განაცხდა გაბუნიამ.
ცნობისთვის, “სიდას“ უკვე ყოფილი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.
მოგვიანებით, „ქალთა მოძრაობამ“ზვიად დევდარიანი ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მოძრაობამ პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართა, რომ პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი – ზვიად დევდარიანი არ აირჩიოს.
დევდარიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარ კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები