თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურმა გუნდებმა სერტიფიცირებული სატრენინგო კურსი დაასრულეს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებს, რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

სატრენინგო კურსი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და გადამზადება სპეციალურმა პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს.

სატრენინგო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ გადასცა.  პროექტის ტრენერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნინო ცინცაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი შედეგები შეაჯამეს.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტიზმის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში.

ამავე ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი – დღეიდან თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების მსგავსად, იმუშავებენ ერთიანი სახელმძღვანელოთი, რომლის პრეზენტაციაც კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორია.

ღონისძიების დასასრულს, კახაბერ გვანცელაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების მიმართულებით სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობის აუცილებლობას, რათა ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემაში თანამედროვე საერთაშორისო მეთოდოლოგია და სტანდარტები დროულად და ეფექტურად დაინერგოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები