ეროვნული სასახლის პირველი მუსიკალური  ფესტივალი იწყება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის “ინტერკლუბში” სასახლის პირველი  მუსიკალური ფესტივალის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც ხვალ, 13:00 საათზე დაიწყება.

ფესტივალის მიზანია ახალგაზრდებში ახალი, ქართული სასიმღერო მუსიკალური ნაწარმოებების (სიმღერების) შექმნა და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. სახელოვნებო დარგებისა და კონკრეტულად სასიმღერო ხელოვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მუსიკალური რეპერტუარის მუდმივი განახლება, რაც თავის მხრივ მომავალი თაობის ინტერესებისა და ჩართულობის ზრდას უზრუნელყოფს. ტრადიციულად, ეროვნული სასახლის მუსიკალური კოლექტივებისათვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული მუსიკალური ნაწარმოებები. ამ ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შექმნისათვის.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მქონე სიმღერის (მუსიკის და/ან ლექსის) ავტორს.  ფესტივალის დებულების შესაბამისად, მონაწილემ უნდა  წარმოადგენოს ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. ფესტივალში მონაწილე ავტორების მიერ წარმოდგენილ ახალ სიმღერებს შეასრულებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები. სასახლის პირველი მუსიკალური ფესტივალის ფინალი  – გალა კონცერტი  და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება  არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა.

მუსიკალურ  ფესტივალში  მონაწილეობის მსურველებისათვის საბუთების მიღება მიმდინარე წლის 2 აპრილს დაიწყო. განაცხადები 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები