ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძლიერი ქარის გამო, პრობლემები შეიქმნა.
დაბა ნარუჯასა და დაბა ლაითურში ქარმა მრავალბინიან კორპუსებს სახურავები ახადა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მოთხრილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები. დაზარალდა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა.
სოფელ მთისპირში, სოფელ ოზურგეთსა და ნაგომარში გადახდილია კერძო საცხოვრებელი სახლები, სახურავი ნაწილობრივ გადაძვრა ნაგომარის ადმინისტრაციულ შენობას. ძლიერი ქარის გამო დაზარალდნენ ქალაქის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლები: ბესიკის, იაკობ შემოქმედელის, წულუკიძის და აღმაშენებლის ქუჩებზე.
ადგილზე იმყოფებოდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები. სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის.