პრემიერი: კახეთის ყველა რაიონში 82 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს, რომელიც სრულადაა აღჭურვილი

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აქედან, რეგიონის 8 სოფელში ახალი ამბულატორიები აშენდა.
„კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 82 სოფლის ამბულატორია, რომელიც სრულადაა აღჭურვილი. აქედან, რეგიონის 8 სოფელში – შალაურში, კართუბანში, მაშნაარში, მუკუზანში, საქობიანოში, კუჭატანში, არბოშჩიკში, უდაბნოში, – ახალი ამბულატორიები აშენდა.
დედოფლისწყაროში აშენდა 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა.
30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. კახეთის რეგიონს 209 სოფლის ექიმი და 223 ექთანი ემსახურება.
27 ახალი ავტომობილით განახლდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი“, -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, კახეთის რეგიონში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 60 დევნილი ოჯახისთვის შესყიდულ იქნა კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით.
ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლაგოდეხში გაიხსნა იუსტიციის სახლი.
„ასევე საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა კახეთის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებში: ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, კაჭრეთში. ამჟამად საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს შემდეგ სოფლებში: სანიორეში, წნორში, ახალსოფელსა და უდაბნოში“, -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები