„თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას“
„ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე.
იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას.
ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში. თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში. კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.