გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება
„ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საქალაქო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი ფაქტები გაიხსენა და განმარტა, რომ „გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც გლეხებს ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად“.
მისი თქმით, ამჟამად კახეთში ვენახების განაშენიანება მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დღეს ახალი ვენახების გაშენებაზე ასევე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დასაქმებაც არის უპრეცედენტო.
„რაც შეეხება რთველს კახეთში – მთლიანად 2013-2017 წლებში მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს და ეს სწორედაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, პირველ რიგში სუბსიდირების კუთხით ამ მიმართულებაზე და ასევე, რა თქმა უნდა, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგით. ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება.
მე არ მინდა, ნეგატივზე შევჩერდე, მაგრამ ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად. დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება. მიწაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ახალი ვენახების გაშენებაზე ასევე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დასაქმებაც არის უპრეცედენტო. კახეთის მოსახლეობამ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი შვება მიიღო ამ დარგის განვითარების შედეგად“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ღვინის ექსპორტზეც ისაუბრა და და სძინა, რომ 2017 წელს საქართველოს გაუყიდავი ყურძენი არ დარჩა.
„ღვინის ექსპორტის ასევე დივერსიფიკაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრების განვითარების შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ღვინის ექსპორტი სტაბილურია და ამ დარგის ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე, სწორი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რომ თანდათანობით გამოვდივართ სუბსიდირებიდან. 2017 წელს პრაქტიკულად ბაზარზე დაფუძნებული იყო მთლიანად შესყიდვის პროცესი და მიუხედავად ამისა, ჩვენ პრაქტიკულად გაუყიდავი ყურძენი არ დაგვრჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებით ვითარდება და აქ არიან კიდევ ახალ-ახალი ინვესტორები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და კიდევ არაერთ ძალიან წარმატებულ პროექტს ვიხილავთ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.