პრემიერმა კახეთში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სხვადასხვა საკითხთან ერთად, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, კონკრეტულად კი, ამ მიმართულებით, კახეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს 1000 მოსწავლეზე გათვლილი და იორმუღანლოს 1000 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლები აშენდა, 50 საჯარო სკოლას კი, ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა.
კახეთის რეგიონში სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ფუნქციონირებს გურჯაანში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ახმეტასა და თელავში. ახმეტის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,აისი“ ემსახურება 600 სტუდენტს. შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, სასწავლო გარემოს შესაქმნელად, განხორციელდა კოლეჯის რეაბილიტაცია და ამასთან, კოლეჯში მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა. კოლეჯი აღიჭურვა ახალი მოდულური პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო აღჭურვილობით, დაინერგა დუალური/სამუშაოზე დაფუძნებული, ანუ გერმანული მოდელის პროგრამები მეხილეობის, მეცხოველეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული პროგრამები განვავითაროთ. ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ, არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის, გადამზადების პროგრამები მუშაობს ნებისმიერი ასაკის ადმაიანებისთვის. წელს განხორციელდა სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო ახმეტის, თელავის, დედოფლისწყაროს, გურჯაანისა და ლაგოდეხის 15 საჯარო სკოლა. ლაგოდეხში მოეწყო ახალგაზრდული ეკოსოფელი, სადაც ათობით ახალგაზრდამ შეძლო დასვენება და პროექტებში მონაწილეობა.
კახეთში, სოფელ მანავში 2013 წლიდან ეწყობა საზაფხულო ბანაკი 12-16 წლის ახალგაზრდებისათვის, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, არაფორმალური განათლება და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საბავშვო ბაღებზეც ისაუბრა.
„ახალი საბავშვო ბაღები აშენდა – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, სოფელ წინანდალში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი აფენში და ქალაქ ყვარელში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობიანში ბაღი დასრულების ეტაპზეა, – ჯამში ეს საბავშვო ბაღები 600 ბავშვს ემსახურება. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 127 საბავშვო ბაღს, პროექტების ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.