“წინ გვაქვს დიდი სამუშაო ჩასატარებელი იმისათვის, რომ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე”

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ჩემს მშობლიურ კუთხეში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა, დიდი პატივისცემა გამოვხატო ყველა თქვენგანის მიმართ“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ყველა აქტივისტს, ვინც ქვეყნის საკეთილდღეოდ ყოველდღიურად შრომობს.
„მთლიანად „“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის სახელით, მადლობას ვუხდი ყველა აქტივისტს, ვინც ჩვენს წარმატებას აშენებს, ვინც ყოველდღიურად შრომობს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს წინსვლა.
ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის აქტივობას რეგიონებში. ამიტომ მინდა, ყველა თქვენგანს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისა და ღვაწლისათვის.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რეგიონებში კიდევ უფრო გავააქტიუროთ პარტიული რგოლის მუშაობა და მაქსიმალურად ჩავრთოთ ახალგაზრდობა ამ მუშაობაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გაწეული შრომა დაწყებული 2011 წლის შემოდგომიდან, ნაწილი თქვენგანი შემდგომ, უფრო გვიან შემოუერთდა პარტიას, მაგრამ აუცილებელია, რომ პარტიის კარი ღია იყოს ყველა ადამიანისთვის, ვისაც გააჩნია სურვილი, რომ ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში და პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერებაში“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით განმარტა, რომ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ინფორმაცია გადაიცემა მედია-საშუალებებით, თუ რა კეთდება ქვეყანაში.
ამიტომ, გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში შესრულებულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
„მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, მოგეხსენებათ ძალიან მოდაშია ნეგატივი და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გადაიცემა იმის შესახებ თუ რა კეთდება ქვეყანაში. ამიტომ ხშირად არის ხოლმე, რომ ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოების შესახებ არ არის ცნობილი თუნდაც გვერდზე დასახლებულ პუნქტში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამიტომ მე მინდა, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში შესრულდა, თუმცა თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მიზეზი იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ თვითკმაყოფილნი. რა თქმა უნდა, წინ გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი იმისათვის, რომ გატარებული რეფორმების თუ აღმშენებლობის პროცესის შედეგი თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს თავის თავზე.
რეგიონში განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. მხოლოდ, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა 82 კმ გზის რეაბილიტაცია, დასრულდა წყალმომარაგების 3 პროექტი, საერთო ღირებულებით 8 მლნ ლარი, რითაც წყალმომარაგება გაუუმჯობესდა დაახლოებით 1000 ადამიანს.
განხორციელდა სოფელ უდაბნოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია; დედოფლისწყაროში, “ნიკორციხის” ხევში სატუმბი სადგურისა და მილსადენის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები.
რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 43 315 ოჯახს; პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი და აქ მცხოვრებ 50 ოჯახს მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია.
რეგიონის მასშტაბით ექსპლუატაციაში შევიდა 5 ჰიდროელექტროსადგური – შილდაჰესი, ალაზანი-2 ჰესი, ახმეტაჰესი, ფშაველაჰესი, შილდა-1 ჰესი; მშენებლობის ეტაპზეა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 67 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია – 88 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
იგეგმება კიდევ 6 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის ენერგოსისტემას დაახლოებით 32 მგვტ დადგმული სიმძლავრე შეემატება.
თითოეული ეს ლარი, დოლარი თუ ევრო, რა თქმა უნდა, იხარჯება უმუშევრობის დაძლევასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
ამავე დროს, მზის ენერგიის ათვისების კუთხით ხორციელდება შესწავლითი სამუშაოები რეგიონში და ამ მიზნით 2 პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა.
განხორციელდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების „რუსთავი-საგარეჯოს“ 25 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები; 2017 წელს დასრულდა ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გაზსადენზე „თელავი-ახმეტის“ 27 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობაც. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია.
ეს არის პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს კახეთის რეგიონის უწყვეტ გაზმომარაგებას“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები