პრემიერი: ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება

რა თქმა უნდა, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად გამოწვევებისა ამ მიმართულებითაც, მთავრობა სტაბილურობას მიაღწევს.
“მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება.
აუცილებელია რეგიონების ჩართულობის ზრდა, აუცილებელია რომ ჩვენ მეტი გადაწყვეტილებების მიღების უფლება მივცეთ რეგიონებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს და ჩვენ აქეთკენ მივდივართ. სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტთან ერთად დავაანონსეთ ახალი რეფორმა. ეს იქნება ფუნდამენტური რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებისთვის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ჩვენი რეგიონების დაფინანსების დონე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში იყოს ევროპულ დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უნდა გაორმაგდეს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რეგიონების დაფინანსების მაჩვენებელი. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ თქვენ, მეგობრებო, რეგიონში მცხოვრები ადამიანები, ისინი, ვინც ჩართულნი არიან ადგილობრივ თვითმმართველობაში, პარტიის აქტივისტები დასხდებით და თქვენ გადაწყვეტთ თქვენს საკუთარ პრიორიტეტს. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება ხელს არ იბანს იმაზე, რომ იყოს ცენტრალური ხელისუფლების პროგრამები, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები, თუ რა უნდა დაფინანსდეს, რა არის პრიორიტეტი რეგიონებში მიღებულ იქნება ადგილობრივ დონეებზე. ამას სჭირდება ადამიანური პოტენციალის განვითარება, პარალელურად, მაგრამ ეს მიღწევადია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის! თქვენი იმედი მაქვს და იცოდეთ, რომ ჩვენი ერთიანობით ყველაფერი მიღწევადია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები