საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრს ეწვივნენ

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს  საპარლამენტო უმრავლესობის  წევრები არჩილ თალაკვაძე, სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი თბილისის ბავშვთა და  მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრს – „ფაზლის” ესტუმრნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  აუტისტური სპექტრის აშლილობები ეს არის მართვადი პრობლემა, რომლის  დროული აღმოჩენა და რეფერირება  მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი  სათანადო განვითარებისთვის. „სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტ რესურსს გამოყოფს ამისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია დღეს არსებული პრობლემა, რაც გამოიხატება თბილისსა და რეგიონებს შორის არსებული რესურსების დისბალანსში, რის გამოც ხშირად ადამიანებს უწევთ რეგიონებიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა. ამასთან დაკავშირებით პარლამენტში გვქონდა სამუშაო შეხვედრა და ვაპირებთ, რომ რეგიონებში მოვახდინოთ მეტი ბიუჯეტის ლობირება, რათა სერვისები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისთვის განვითარდეს თანაბრად მთელი საქართველოს მასშტაბით”, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის მოსაზრებით, უფლებრივ ჭრილში ძალიან მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომელსაც სახელმწიფო დგამს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების გვერდით დგომისთვის.

„ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, განსაკუთრებით, თბილისის მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი. სახელწმიფო აფინანსებს იმ სერვისებს, რომელიც აუცილებელია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას იმისთვის, რომ ყოველი ასეთი ბავშვის უფლება იყოს დაცული”,-განაცხადა სოფო კილაძემ.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, აუტიზმის ცნობადობა რამდენიმე წლის წინ ნაკლები იყო საზოგადოებაში.

„საზოგადოების ცნობადობა ამაღლდა ამ კუთხით. ბევრი რამ კეთდება აუტისტური სპექტრის მქონე პატარებისთვის”, -აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატებმა დაათვალიერეს  სენსორული ოთახი, სადაც მგრძნობელობის კუთხით ხდება ბავშვის პრობლემის ლოკალიზაციის დადგენა და  შესაბამისი მგრძნობელობის განვითარებაზე ზრუნვა.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები