რატი იონათამიშვილი: კალაძის ყველა გადაწყვეტილება ქალაქის საუკეთესო ინტერესებიდან არის ნაკარნახევი
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გენგემასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„ერთი კვირის მანძილზე ჩვენი საზოგადოება აქტიურად ადევნებდა თვალს თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ერთის მხრივ, ქალაქის მთავრობა ცდილობდა პროცესი გაეხადა მაქსიმალურად საჯარო, სადაც იქნებოდა ჩართული დარგის სპეციალისტები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, ასევე, უბრალო თბილისელები, ხოლო მეორეს მხრივ, ხელმოცარული ოპოზიცია ცდილობდა მერიის მიერ ორგანიზებული საქმიანი და ჯანსაღი მსჯელობა პოლიტიკურ ველში გადაეტანა და იქ არაკომპეტენტური განცხადებებისა და პოლიტიკური სპეკულაციების ხარჯზე თბილისის მომავალზე და მოქალაქეების კომფორტზე წინ, საკუთარი პარტიული ინტერესები დაეყენებინა. თბილისის მერიის დღევანდელმა გონივრულმა და სწორმა გადაწყვეტილებამ მათ კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები და საზოგადოებას მიეცა საშუალება ნათლად დაინახოს, ვინ არის საქმეზე ორიენტებული და ვინ მხოლოდ შოუს დადგმაზე”,- აღნიშნა აიონათამიშვილმა.
მისი თქმით, თბილისს აუცილებლად ექნება განვითარების ისეთი გენერალური გეგმა, როგორსაც ქალაქი და მომავალი თაობები იმსახურებს.
“მივესალმები ქალაქის მთავრობის გადწყვეტილებას, რომლის თანახმადაც “სითი ინსტიტუტს” მიეცა ორთვიანი გონივრული ვადა თავისი ვალდებულებების შესასრულებლად და თბილისის მერიამ გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალურად ითანამშრომლოს ხარისხიანი და თბილისის საჭიროებებზე დაფუძნებული გეგმის შესამუშავებლად. ასე იქცევა პასუხისმგებლიანი მთავრობა, რომლის მთავარი მიზანი საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის, ქვყენის განვითარების და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაა“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტს“ დოკუმენტის სრულყოფისა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვადა მიმდინარე წლის პირველ ივნისამდე განესაზღვრა.