“კალაძის გადაწყვეტილება, არის გონივრული და თბილისელების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მიმართული”
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მიიჩნევს, რომ კალაძის გადაწყვეტილება, რომ „სითი ინსტიტუტს“ მიეცეს შესაძლებლობა დაასრულოს თავისი ვალდებულება, არის ძალიან გონივრული და მიმართული თბილისელების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც წლების განმავლობაში არ არსებობდა დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული ხედვა, თბილისი ქაოტურად განვითარდა, რამაც დღეს მოსახლეობა უამრავი გამოწვევის წინაშე დააყენა.
„ჩვენ გვჭირდება ისეთი გენერალური გეგმა, რომელიც მაქსიმალურად იქნება მიმართული ამ გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებისაკენ. ის უნდა იყოს რეალისტური, ითვალისწინებდეს თბილისის საჭიროებებს და იმავდროულად არ უნდა ლახავდეს ადამიანის უფლებებს. ამ გამოწვევების დაძლევა „სითი ინსტიტუტის“ მიერ უკვე წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში ვერ მოხდებოდა. შესაბამისად, საჭიროა კორექტირება და იმ გარემოებების გათვალისწინება, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს. მისასალმებელია, რომ თავად ინსტიტუტი ეთანხმება მერის პოზიციას, რაც რა თქმა უნდა, ამყარებს კახა კალაძის გადაწყვეტილების მართებულობას. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილება არის ცივილური, თანამშრომლობაზე და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვაზე ორიენტირებული. პროცესი მიმდინარეობს გამჭვირვალედ და დემოკრატიულად. მასში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე, რაც ვფიქრობ, იქნება დახვეწილი გენერალური გეგმის საბოლოო შემუშავების ძალიან კარი საფუძველი“,- განაცხადა კილაძემ.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, „სითი ინსტიტუტს“ მიეცა ვადა, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაასრულოს. საბოლოო დოკუმენტაცია 1-ელ ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და „მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენგეგმის შემუშავებას“.