ეკა ბესელია: მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის რეფორმის აღსრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ​

დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი საინფორმაციო სესია მიმდინარეობს. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ორგანიზებით „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტანდარტების გაცნობის მიზნით გამართული შეხვედრა თემატური პრეზენტაციებითა და დისკუსიის ფორმატით წარიმართა.
სესიის პირველი დღე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მისი განმარტებით, საინფორმაციო სესიების მიზანია, დაეხმაროს მუნიციპალიტეტებს კანონის დებულებების, ეროვნული სტანდარტების შინაარსის და მათი პასუხისმგებლობის გააზრებასა და გაცნობიერებაში, რადგან მუნიციპალიტეტებს სკოლამდელი განათლებისა და აღზრდის რეფორმის აღსრულებაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ. ეკა ბესელიას ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”, რის შედეგადაც დაიწყო სისტემის რეფორმირება. რეფორმის მიზანი საქართველოში ყველა ბავშვისთვის სკოლამდელი მომსახურების ხელმისაწვდომობის, თანასწორი შესაძლებლობების და ხარისხის გაუმჯობესებაა.
„სკოლამდელი რეფორმა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, არის ოთხწლიანი, უნიკალური, ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომელიც გულისხმობს ერთიანი საგანმანათლებლო და ერთიანი ევროპული სტანდარტებით ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, უფლებრივი ნაწილის, ჯანდაცვის, კვების, ჰიგიენის – ამ კომპონენტების ახალი ერთიანი მეთოდოლოგიის დანერგვას ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში. ეს არის რეფორმა, რომელშიც ჩვენი ხელისუფლება ძალიან დიდი რესურსს დებს და ეს შეხვედრა, ჩვენი კომიტეტის მონიტორინგის საბჭოს ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, ემსახურება იმ მიზანს, რომ მუნიციპალიტეტები, რომლებმაც ძალიან მალე უნდა დაიწყონ ავტორიზაციის პროცესი, მოემზადონ ამ რეფორმისთვის, რათა წარმატებით განახორციელონ იგი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, რეფორმის დიდმა ნაწილმა 2017 წელს დაიწყო ამოქმედება იმ ცალკეული ნორმების გარდა, რომელიც 2020 წლისთვის ამოქმედდება, ძირითადი უფლებრივი ნაწილი და ვალდებულებები კი უკვე იწყებს ამოქმედებას.
„პრემიერ-მინისტრმა წლის დასაწყისში, განათლება ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა. განათლების პირველ საფეხურად აღიარებულია სკოლამდელი დაწესებულებები. სწორედ სკოლამდელ დაწესებულებებში გადიან ბავშვები განათლების პირველ ეტაპს. ეს რეფორმა არ ეხება, მხოლოდ განათლების საკითხებს, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება “, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაზე მოისმინეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონით” დადგენილი სიახლეები” ; მუნიციპალიტეტების ძირითადი პასუხისმგებლობები „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის” აღსრულებასთან დაკავშირებით; დამტკიცებული “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები”.
სესია ხვალ, 1 აპრილს განახლდება. მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნობიან ინფორმაციას: აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის შესახებ; ტექნიკური რეგულაციები რაციონის კვებითი ღირებულებისა და კვების ორგანიზების შესახებ: ტექნიკური რეგულაციები წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის შესახებ; ტექნიკური რეგულაციები სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის შესახებ, ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები