პრემიერი: იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია რაიმე ტიპის თანამშრომლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია რაიმე ტიპის თანამშრომლობა ან მეგობრობა. მისივე თქმით, გავრცელებული ჭორი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს, კარტ-ბლანშს აძლევს ხელისუფლება, არ შეესაბამება რეალობას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანაში არის გარკვეული ჩავარდნები, მაგრამ მთავრობა ამ გზას უფრო მეტი წარმატებით და აღმასვლით გააგრძელებს.

„მე თვალს ვადევნებ მასმედიის საშუალებებით სხვადასხვა ინფორმაციას, გავრცელდა ჭორი, რომ ჩვენ გარკვეულწილად კარტ-ბლანშს ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს და ა.შ. მინდა გითხრათ, რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც დაგვიტოვეს 2008 წლის მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალასთან ერთად, რომლებმაც ვერ აიცილეს თავიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, არის გამორიცხული. გამორიცხულია მათთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა ან მეგობრობა. „ქართული ოცნება“ არის დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად მიჰყავს წარმატებისკენ.
„ქართული ოცნება“ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის მშენებლობის გზას. შეცდომებისგან, რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არის, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას ჩავარდნებითაც, მაგრამ უფრო მეტი წარმატებით და აღმასვლით, ვიდრე შეცდომებია და ხალხის სიყვარულით, ადამიანების გვერდში დგომით“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები