სომხეთის დელეგაცია ქართულ სააღსრულებო სისტემასა და ბიუროს ინოვაციურ სერვისებს გაეცნო

სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაცია, 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო.

სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის უფროსი არმენ ჰარუთინიანი, კოლეგებთან ერთად, დეტალურად გაეცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას, მათ შორის, ქართული სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. სტუმრების ინტერესის სფეროში აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება და გადახდისუუნარობა მოხვდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, ორი ქვეყნის სააღსრულებო უწყებები, თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას გეგმავენ.

სომხეთის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს ის რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვა.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაცია იუსტიციის სახლს ეწვია. სტუმრების განსაკუთრებული დაინტერესება იუსტიციის სახლის ელექტრონულმა სერვისებმა და საჯარო რეესტრის პროგრამებმა გამოიწვია, რომლითაც სააღსრულებო პროცედურები ხორციელდება.

ვიზიტის დასასრულს, სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაციამ, თბილისისა და მცხეთის ტურისტული და ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა.

სააღსრულებო სისტემის ფარგლებში, ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით, სომეხმა კოლეგებმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ერევანში მიიწვიეს.

სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29-30 მარტს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები