აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც 13 წლის მოზარდს თავს დაესხა, ბრალი ორი მუხლით წარედგინა
22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება 13 წლის მოზარდზე თავდასხმას ედავება, ბრალი ორი მუხლით წაუყენეს.
სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დღესვე საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების საკითხიც გადაწყდება.
საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციიით, პროცესი, დღეს, 17.00 საათზე დაინიშნა.
ბრალდებულის საქმის მასალები უკვე გადაეცა სახაზინო ადვოკატს. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმის წარმოება შეჩერდეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.
„პირველი, 151 მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. რაც შეეხება 19/117-ე მუხლს, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას, ეს არის მე-5 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე,“ – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.