დღეიდან, ზუგდიდში მიტოვებულ ახალშობილზე სახელმწიფო იზრუნებს

ზუგდიდში ნაპოვნ ჩვილზე, რომელიც ერთი კვირის წინ ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული ნახეს, დღეიდან სახელმწიფო იზრუნებს.

ახალშობილი ვაჟი დღემდე საავადმყოფოში იმყოფებოდა და იგი კლინიკიდან დღეს გაწერეს.
როგორც „კვირას“ სოციალური სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილემ კახა კაჭარავამ განუცხადა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დღეიდან იგი მინდობით აღზრდაშია.

მისივე თქმით, ამჟამად ჩვილი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშაა.
როგორც „კვირამ“ გაარკვია, ახალშობილს პირობითი სახელიც დაერქვა. თუმცა, მისი საკითხი გამოძიების შედეგების შესაბამისად გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ზაურ ფიფიას სახლის ჭიშკართან იპოვეს.
„მეზობლებმა დამიძახეს და მითხეს, რომ ჭიშკართან, პოლიეთილენის პარკში ბავშვი იყო, გამოვედით და ვნახეთ. ახალშობილი ბიჭია ტიტველი იყო და ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული. შევახვიეთ ნაჭერში და პოლიციაში დავრეკეთ“, — აცხადებს ფიფია.

ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში შეყვანისას ბავშვი თეთრ ნაჭერში იყო გახვეული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები