სოფიო ქაცარავა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად შონ ო ფარელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შონ ო ფარელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩვენი ქვეყნის გამოწვევები და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება მიმოიხილეს.

საუბარი აგრეთვე შეეხო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ჟენევის მოლაპარაკებების ეფექტურობის გაზრდას და თანათავმჯდომარეების: გაერო-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის და აშშ-ს როლს ამ პროცესში.

შეხვედრაზე ისაუბრეს ირლანდია-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაზე, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესზე და ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად საქართველოს პოტენციალზე.

სოფიო ქაცარავამ საქართველოში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. „საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ქვეყანას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან აახლოებს და ხელს უწყობს ამ პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზის ლიბერალიზაცია  ქვეყნისთვის ევროპულ პერსპექტივას ძალიან რეალურს ხდის”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მხარეებმა, მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ხალხთა შორის კავშირების გამყარებაზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები