„ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება“

ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით განაცხადა. მისი თქმით, თემა, თუ ვინ დაიწყო ომი, დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
“ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ დგას. ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია”, – განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, 2008 წლის ომის შემსწავლელი კომისიის დასკვნა კვლევაა და არა გამოძიება, და ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ოპარატიულ და სამხედრო ტაქტიკურ საკითხებს, კერძოდ, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა, რადგან ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. მინისტრის განმარტებით, კონკრეტული სამხედრო პირების ან სამხედრო პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი ამ კვლევის საგანი არ არის. ეს კეთდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, რომ საქართველოს თავდაცვითი დოქტრინა სწორედ ამ გამოცდილებაზე იყოს შედგენილი, რომ მომავალ ბრძოლებში საქართველომ იგივე შეცდომები არ დაუშვას. მისივე თქმით, როგორც კი კვლევა სრულად იქნება წარმოდგენილი, ის წარედგინება პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, საჯაროდ კი კვლევის მხოლოდ ზოგადი ნაწილი იქნება გავრცელებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები