დიდი ბრიტანეთის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც რუსი დიპლომატების გაძევებამდეა მომზადებული, საქართველოზეც არის საუბარი

“მოსკოვში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოში, უცხო ქვეყნების დიპლომატებს, 22 მარტს, რუსი დიპლომატების მასობრივ გაძევებამდე ოთხი დღით ადრე, დოკუმენტი წარუდგინეს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა აქვეყნებს.
რუსეთში აშშ-ის ელჩის, ჯონ ჰანტსმანის ინფორმაციით, სწორედ ამ დოკუმენტმა უბიძგა დიდი ბრიტანეთის მოკავშირეებს, სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატები გაეძევებინა.

დოკუმენტში, თავდაპირველად, მოვლენები 2018 წლის 4 მარტიდან ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი, ანუ იმ დღიდან, როდესაც სერგეი სკრიპალი და მისი შვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ წარდგენილი დოკუმენტის მეხუთე გვერდზე ჩამოთვლილია რუსეთის მტრული მოქმედებების მაგალითები, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. სულ სიაში რუსეთის ქმედებების 12 მაგალითია მოყვანილი: ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, კიბერშეტევა ესტონეთზე, საქართველოში ინტერვენცია, ყირიმის ოკუპაცია და უკრაინის დესტაბილიზაცია, დონბასში MH17-ის ჩამოგდება, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმა, გერმანიაში დეზინფორმაციული კამპანია, დანიის თავდაცვის სამინისტროზე ჰაკერული თავდასხმა, 2016 წლის ოქტომბერში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მონტენეგროში, 2017 წლის ივნისში კიბერშეტევა Not Petya და ბოლოს სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გუშინ განაცხადა, რომ ამ დროისთვის, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 25-მა ქვეყანამ გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები