კახა კალაძე: გენგეგმის განხილვისას პოლიტიკოსებმა შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადეს

„პოლიტიკოსების მოწვევა ამ შეხვედრაზე, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, რადგან მინდოდა, რომ ეს ადამიანებიც ყოფილიყვნენ ჩართული პროცესში. ისინი იყვნენ ჩემი კონკურენტები წინასაარჩვენო პერიოდში და მინდოდა, მიეღოთ მონაწილეობა ქალაქის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში, თუმცა მათ ამჯობინეს, თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გაეტარებინათ, ჰქონდათ დებოშის მოწყობის მცდელობა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე, გუშინ გენგეგმაზე საჯარო განხილვისას მომხდარ დაპირისპირებას.

როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკოსებმა შეხვედრის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადეს.

„ჰქონდათ მცდელობა, განხილვა ჩაეშალათ, მაგრამ არ მივეცით ამის შესაძლებლობა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა გუშინდელი შეხვედრა, სადაც იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის სპეციალისტები, ურბანისტები, არქიტექტორები, ადამიანები, რომლებსაც უდიდესი გამოცდილება აქვთ თავიანთ საქმიანობაში. რადგან ამ დოკუმენტის არსებობას ვანიჭებთ უდიდეს მნიშვნელობას და მიწათსარგებლობის გეგმა უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიან განვითარებას, გვინდოდა ამ ადამიანებს დაეფიქსირებინათ თავიანი მოსაზრებები და შენიშვნები, თუნდაც მერიის ან „სითი ინსტიტუტის“ მიმართ, თუმცა არ მისცეს ამის შესაძლებლობა, რადგან პოლიტიკოსებმა შეხვედრის მთლიანად პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სცადეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვას, შეხვედრის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. შეხვედრაზე თბილისის გენგეგმასთან დაკავშირებით მერიამ შენიშვნები წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები