ირაკლი კობახიძე ყატარის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ყატარის მრჩეველთა საბჭოს სპიკერს, აჰმედ ალ მაჰმუდს შეხვდა.
ორმხრივ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყატარის მრჩეველთა საბჭოს სპიკერს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მდებარეობა და არსებული ბიზნესგარემო ხელსაყრელს ხდის ყველა ქვეყნისთვის, აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა.
ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს. ყატარის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი საქართველოში ყატარის ინვესტიციების მნიშვნელოვნად გაზრდის თაობაზე.
მხარეები გაცვლით ვიზიტებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ყატარის რესპუბლიკის მრჩეველთა საბჭოს წევრებთან , სადაც ისინი საქართველოს მოიხსენიებდნენ, როგორც სწრაფად პროგრესირებად და საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ქვეყანას. ასეთივე დამოკიდებულებაა სხვა ქვეყნებისგანაც. ჩვენ ვლაპარაკობთ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე და ასევე ბევრს ვლაპარაკობთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებს”,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მამუკა მდინარაძემ.
ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-28 მარტს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.