თამარ ჩუგოშვილმა “თავისუფალი უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალი უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული კონკურსის – „შექმენი კანონი” ფინალურ ტური გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა იურიდიული კომიტეტის მოდელირებულ სხდომაზე მათ მიერ მომზადებული სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს.

ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესში ახალგაზრდების ჩართულობასა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი შეკრების თემას წარმოადგენს ისეთი საკითხი, რაც კანონშემოქმედებით პროცესს შეეხება. სტუდენტობის დროს, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას მსგავს იმიტირებულ პროცესებში და მიმაჩნია, რომ ეს არის სწავლის საუკეთესო საშუალება. სასიამოვნოა, რომ პარლამენტი მასპინძლობს “თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტებს და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დაინტერესდებით პარლამენტის საქმიანობით და მომავალშიც გადაწყვეტთ, თქვენი საქმიანობა დაუკავშიროთ კანონშემოქმედებით პროცესებს და საკანონმდებლო საქმიანობას”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტუდენტებს კანონშემოქმედებითი პროცესი და ის პროცედურები გააცნო, რაც საკანონმდებლო ინიციატივიდან მის კანონად მიღებას წარმოადგენს. მანვე პარლამენტის საკონსტიტუციო ფუნქციებზე ისაუბრა და კანონშემოქმედებით პროცესთან ერთად, საზედამხედველო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის მიმართულებები განმარტა.

“თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტებს ტურნირის ჟიურის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ნინო გოგუაძე და გიორგი ტუღუშიც მიესალმნენ და ახალგაზრდებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები