ცნობილი მკვლევარი – თამილა მგალობლიშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თამილა მგალობლიშვილი. მეცნიერის მოღვაწეობის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ქალბატონმა თამილამ თავისი ცხოვრება ქართული ქრისტიანული კულტურის კვლევასა და პოპულარიზაციას მიუძღვნა. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფერო საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის ცენტრები, იქ მოღვაწე გამოჩენილი ქართველი სასულიერო პირები და ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევა იყო.
თამილა მგალობლიშვილი ხელმძღვანელობდა ქართულ სიძველეთა მოძიებისა და კვლევის სამეცნიერო ცენტრს, რომელიც 1997 წელს დააარსა. ამ ცენტრში გაერთიანდნენ ფილოლოგები, ისტორიკოსები ეპიგრაფისტები, ხელოვნებათმცოდნეები, აღმოსავლეთმცოდნეები. თამილა მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით ცენტრის მიერ განხორციელდა მრავალი სამეცნიერო ექსპედიცია ისრაელში, იორდანიასა თუ თურქეთში, რომლის დროსაც გამოვლინდა და აღინუსხა ქართული მონასტერები, ხელნაწერი, თუ ეპიგრაფიკის ნიმუშები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ექსპედიცია მოეწყო ისრაელში 2001 წლის 17 დეკემბერიდან – 2002 წლის 1 აპრილამდე, რის შედეგადაც გამოვლინდა წმ. მიწის 40-მდე ეკლესია-მონასტერი, მათი უმეტესობა ქართველთა კუთვნილება იყო, ნაწილში კი ქართველები მოღვაწეობდნენ სხვა ეროვნების ბერ-მონაზვნებთან ერთად. ამავე ექსპედიციის დროს აღინუსხა და დაფიქსირდა 100-მდე ლაპიდარული თუ საღებავით შესრულებული ძველი ქართული წარწერა, აღმოჩნდა ქართული ხელნწერები და საეკლესიო ნივთები. ექსპედიციათა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ქართულ თუ ინგლისურ ენებზე.
თამილა მგალობლიშვილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი იყო. ამ ბოლო ხანებში სააგენტოს დაფინანსებით გამოქვეყნდა მისი ნაშრომი – „ახალი იერუსალიმები საქართველოში“, მისი რედაქტორობით და ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით გამოიცა იერსუალიმის ქრისტეს საფლავის ეკლესიის ერთი უცნობი XV-XVI საუკუნეების უხვად ილუსტრირებული ქართული ხელნაწერი – „ოქროს ოთხთავი“, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი მეცნიერის ვახტანგ ჯობაძის ნაშრომი – „მასალები ორონტის ანტიოქიის დასავლეთით მდებარე ქართული მონასტრების კვლევა-ძიებისათვის“. იგი ამზადებდა სტატიებს სააგენტოს ყოველწლიური ჟურნალისათვის „ძველი ხელოვნება დღეს“. 2011 წელს სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად თამილა მგალობლიშვილმა უხელმძღვანელა ექსპედიციას ანტიოქიაში, რომლის მიზანს შეადგენდა იქ არსებული ქართული მონასტრების აღნუსხვა- დოკუმენტირება.
ქალბატონი თამილა მგალობლიშვილი იყო ჭეშმარიტი მეცნიერი, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი, ენერგიული მოღვაწე, და ერთგული ადამიანი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული სამეცნიერო საზოგადოებისა და მისი მეგობარი ქართველი თუ უცხოელი კოლეგებისთვის“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები