ზაზა პაპუაშვილი: პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის თანაავტორები

პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა, დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის თანაავტორები, ომის და უბედურების თანაავტორები.
მან ხელისუფლებას კითხვით მიმართა, თუ რატომ ითვლება დემოკრატიულ საფრანგეთში, ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა სამართლიანად და პროგრესულად და რატომ ითვლება ჩვენთან მათი პასუხისგებაში მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად?
”ვისაუბროთ, თუ რა მემკვიდრეობაა ეს, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ტატუნაშვილზე. აქ სხედან ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ერთად არიან ამ უბედურების ავტორები, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვის თანაავტორები, ომის და უბედურების თანაავტორები. მათი ლიდერი მოსახლეობას პამპერსიანი ელაპარაკებოდა, როგორ დაიცვას თავი დანებით, ჩანგლებით, ცოცხებით და აქანდაზებით. ერთ-ერთ მათგანს მაინც შეეწირა თავი ან რაიმე გაეკეთებინა. ეს ადამიანები იყვნენ რუსი გენერლების მძღოლები და მწვადს რომ წვავდნენ, მწვადზე ხახვის და მარილის მოყრით იყვნენ დაკავებულები და რესტორნებში ქეიფით. შემდეგ იყო კეფაში ქუსლების რტყმა და რიგი წითელ ხიდთან… ქვეყანა მიატოვეს. მათ მართლა არ ესმით რა უბედურება გაუკეთეს ამ ქვეყანას. ჩვენ ვეუბნეოდით, ნუ აკეთებთ ამას, ნუ წირავთ ქვეყანას, ნუ დახოცავთ ხალხს, ნუ ართმევთ, ნუ იპარავთ ხმებს… ათასი საუბარია როგორი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. საქართველო სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმიდან. არ უნდა აინტერესებდეს ჩვენს არც ერთ მოქალაქეს, თუ რას ფიქრობს უგულავა და ბოკერია, რას ფიქრობენ ესენი. როგორც ჩვენ ქვეყანას სჭირდება, ისე უნდა მოვიქცეთ. „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ თუ იქნება, დავლაგდებით, თუმცა არ არის ჯერ-ჯერობით ასე. მე ქვეყანას ვერ შევწირავ პარტიულ კონიუნქტურას და ვერ გავხდები პარტიული ჩინოვნიკი.
ჩემ საყვარელ ხელისუფლებასთან ერთი მარტივი კითხვა მაქვს. რატომ ითვლება დემოკრატიულ საფრანგეთში, ყოფილი მაღალჩინოსნის პასუხისგებაში მიცემა სამართლიანად და პროგრესულად და რატომ ითვლება ჩვენთან ამათი პასუხისგებაში მიცემა სირცხვილად და თავის მოჭრად? „პალტოების“ და „კოსტუმების“ გარდა არაფერი აღმოჩნდა თუნდაც უგულავა-ბოკერიას ცხოვრების ეპიზოდებში? ვერ ექნება საქართველოს სიმშვიდე, სამართლიანობა სჭირდება ყველას, პური სჭირდება ყველას, სიყვარული სჭირდება ყველას. არავის მტრები არ ვართ, სიძულვილი და არიქა, ვინმე ჩამოვატყაოთ, ამას არ ვლაპარაკობ, მაგრამ რა მაქვს ენის მოსაჩლექი?! რა დემოკრატია შეგვეყარა? ან პრინციპულობა სად არის, ან კანონის აღსრულება სად არის, რას ნიშნავს იმას გავუწიო და ამას გავუწიო ანგარიში?”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები