ანა ნაცვლიშვილი: ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე

ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ, გააერთიანა მთელი საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა პარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღების ფაქტი შეაფასა.
“ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ, გააერთიანა მთელი საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე. რუსეთი არის ოკუპანტი. მისი პოლიტიკა უკვე ნათელია ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსხვავება, ფაქტობრივად, არ არსებობს ტატუნაშვილის მკვლელობასა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც ახლახანს დიდ ბრიტანეთში განხორციელდა. ეს კარგად გახდა ნათელი ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ამაზე მუდმივად აკეთებდა აქცენტს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებზე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციაში ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატშიც დაფიქსირდა სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო.
„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები