ოთარ ჭილაძე – 85: „სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი“…

დიდი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე დღეს 85 წლის გახდებოდა. იგი 1933 წლის 20 მარტს სიღნაღში დაიბადა.
1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. გამორჩეულად ღრმა და ძვირფასი შემოქმედება დაგვიტოვა –გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ყოველმან ჩემმან მპოვნელმან,რკინის თეატრი, მარტის მამალი,აველუმი, გოდორი… ლექსების უამრავი კრებული, პუბლიცისტური წერილები… სიცოცხლეში მიიღო – საქართველოს სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობისა და ალექსანდე ყაზბეგის სახელობის პრემიები; შოთა რუსთაველის სახელობის პრემი.
იყო თბილისის საპატიო მოქალაქე და ნობელის პრემიის ნომინანტიმიიღოსაბასაუკეთესო რომანისთვისგოდორიმისი  ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდ მსოფლიოს მრავალ ენაზე.  

… იმ ოთახში, სადაც საოცარ შედევრებს ქმნიდა და სიტყვას ამადლიანებდა, ყინწვისის ანგელოზის ფრესკა ჰკიდია კედელზე… მისი სულის თვალიც სინათლესა და სიწმინდეს ასხივებდა.
… 1993 წლის გაზაფხულზე ვესტუმრე შინ… მარტის დასაწყისი იყო, მწერალს 60 წელი უსრულდებოდა. კითხვები წინასწარ გავაცანი. ტელეფონით ჩაიწერა. ვღელავდი, რადგან გაგებული მქონდა, ინტერვიუს ძნელად აძლევდა ჟურნალისტებს. რამდენიმე დღის შემდეგ რომ დავურეკე, მთხოვა, შინ ვსტუმრებოდი… ოღონდ ინტერვიუზე არაფერი უთქვამს – მობრძანდით, ვისაუბროთო… – მაინტერესებდა, 1989 წლის  9 აპრილიდან დაწყებული 3 წლის განმავლობაში ეროვნული მოძრაობის პერიოდის მისეული შეფასება  და მწერლის აზრი სამშობლოს დაცვის გრძნობაზე… აფხაზეთში ხომ ომი ჯერ ისევ გრძელდებოდა…
„ამ სამი წლის განმავლობაში, რასაკვირველია, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ხალხის „გამოღვიძება“ იმდენად რთული პროცესია, ასე უცებ ვერ მოთავდებოდა. ადამიანისგან განსხვავებით, ხალხი გაცილებით ძნელად იღვიძებს, რადგან მისი ძილიც განსაკუთრებულია და სრულებითაც არ განეკუთვნება ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიგს. ხალხის გამოღვიძება, უპირველეს ყოვლისა, ხალხის განათლებას, ხალხის გაკეთილშობილებას ნიშნავს და, არა მგონია, წინასწარ განსაზღვროს ვინმემ, რამდენი ასტრონომიული საათია საამისოდ საჭირო. სამაგიეროდ, ძალიან იოლად და ძალიან მოკლე დროში კარგავს ხალხი საუკუნეობით შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას. გაცილებით ძნელია ერთი ადამიანის გაადამიანება, ვიდრე მთელი ხალხის გაპირუტყვება“…
მწერალი წუხდა, რომ ომი თავიდანვე ვერ აღვიქვით საერთო, საყოველთაო, გნებავთ, სახალხო მოვლენად.
„ამის მიზეზი კი ბევრია. მაგრამ უმთავრესი და გადამწყვეტი მიზეზი მაინც ისაა, რაზედაც უკვე ვილაპარაკეთ ზემოთ: ჯერ გვძინავს, ჯერ მხოლოდ ვიღვიძებთ… მძინარე კაცს კი ბევრი არ მოეკითხება. კაცმა რომ თქვას, ჩემი არაკომპეტენტურობის გამო, არც მე უნდა ვაძლევდე თავს ესოდენ სერიოზულ საკითხზე საქვეყნოდ საუბრის ნებას, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ჩვენი დღევანდელი აპათია უფრო პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ვიდრე ფსიქოლოგიურით. თუმცა ისტორიულად, სხვათა ომებში უფრო გამოგვიჩენია თავი, ვიდრე საკუთარში – ბოლო ასი წლის მანძილზე ორჯერ წყდებოდა ჩვენი ბედი კრწანისში და ვერც ერთხელ ვერ მოვუყარეთ საჭირო ჯარს თავი, როცა რუსეთის „სამამულო ომებში“, პროცენტულად, ლამის თავად რუსებზეც მეტი ხალხი გამოგვიყვანია. მაგრამ როგორც არ უნდა გადავგვარდეთ, მაინც ძნელი დასაჯერებელია, საერთოდ დაგვჩლუნგებოდეს სამშობლოს დაცვის გრძნობა“…
ინტერვიუს ბოლოში იგი რწმენას გამოთქვამს:
„ბარემ ჩემს რწმენასაც გამოვთქვამ: მართალია, ქართველებს ერთმანეთთან ანგარიშის სწორება ყველაფერს გვირჩევნია, მაგრამ თუნდაც თავდაცვის ინსტინქტი გვაიძულებს ხოლმე, გადამწყვეტ მომენტში ერთხელ კიდევ გავახილოთ თვალი და მაშინ მტერიც იძულებული ხდება, ერთხელ კიდევ დაიხიოს უკან. ჩვენ დიდი აკაკის ხალხი ვართ და, ეტყობა, სიკვდილი არ გვიწერია. უფრო სწორად, ძილი იგივე სიკვდილია ჩვენთვის, ოღონდ, საბედნიეროდ – დროებითი“…
ჩემი ეს ინტერვიუ სათაურით „მხოლოდ სძინავს“… 1993 წლის 12 მარტის გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნდა… ის დღე კი, როცა ამ ინტერვიუს წერილობითი პასუხები გადმომცა, დაუვიწყარ დღედ დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
მას მერეც არაერთხელ შევხვედრივარ ბატონ ოთარს… იმ სასტიკ და ომისგან ნაიარევ წლებში, რაც ჩვენმა თაობამ გამოიარა, მისი პუბლიცისტური ნააზრევი ყველაზე მეტად მავსებდა და მაიმედებდა… ახლაც მაიმედებს! მისი „ნასამშობლარიც“ კი დიდ ენერგიას და მუხტს იტევს:
„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე“…
ემზარ კვიტაიშვილი წერს: „უმთავრესი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მაინც ეს არის – ოთარ ჭილაძეს ერთი წუთითაც არ დავიწყნია, რომ იგი დიდი წარსულის მქონე ქვეყნის შვილი იყო და ვერაფრით ეგუებოდა, როცა სამშობლოს დაშლასა და გადაგვარებას თავისი თვალით ხედავდა. ამ ტკივილიან, მტანჯველ თემას ეძღვნება მისი პუბლიცისტური ნაწერების უმეტესობა და რომანების მთელი ციკლი“.
დღევანდელობის ტკივილი კი მისმა ამ ერთმა უსათაურო ლექსმა დაიტია:

„შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც,
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო!
შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნელად ვარ ბედნიერი“.

85 წლის ოთარ ჭილაძეს მთაწმინდაზე განისვენებს… და თითქოს დღესაც  გვეუბნება: ქართველებს რომ გულში უდევთ, ის საქართველო აღარ არსებობსო…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები