“ჰოლივუდის ლეგენდა” – რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და გარემოს დამცველი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი ოჯახის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

როგორც საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რედფორდი მსოფლიო კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. იგი პოპულარობით სარგებლობდა ფილმებში Butch Cassidy and the Sundance Kid (1969), The Sting (1973) და All the President’s Men (1976). რეჟისორად განსაკუთრებული აღიარება მოუტანა დრამამ “Ordinary People” (1980), რომელიც ოსკარითაც დაჯილდოვდა.

გარდა კინოკარიერის, რედფორდი ცნობილი იყო როგორც გარემოსდაცვითი აქტივისტი და “Sundance Film Festival”-ის დამფუძნებელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამოუკიდებელი კინოს განვითარებაში.

რობერტ რედფორდმა 2016 წელს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო, რომელიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გადასცა.
გადაცემის ცერემონიაზე მის შესახებ ითქვა, რომ „მისი ხელოვნება და აქტივიზმი აგრძელებს ჩვენი ერის კულტურული მემკვიდრეობის ჩამოყალიბებას, მილიონობით ადამიანს შთააგონებს სიცილის, ტირილის, ფიქრისა და ცვლილებისკენ“.

რედფორდის სიკვდილის მიზეზი ოჯახმა საჯაროდ არ გაახმაურა. მსახიობი ბოლო წლებში იუტას შტატში ცხოვრობდა. გავრცელებული ცნობით, იგი სწორედ საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები