„ფესვების“ წარმატებული კონცერტები ლონდონში – შალვა ქავთარაძის ქორეოგრაფიული ანსამბლი ერის სავიზიტო ბარათია

რამხელა ნებისყოფა და საკუთარი ძალების როგორი რწმენა უნდა გააჩნდეს ადამიანს, რომ იგი არ შეეპუოს უამრავ სიძნელეს უცხო ქვეყანაში და იქ თავისი პროფესიით შეძლოს შრომა და დამკვიდრება?! ასეთი პრინციპული და საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი პიროვნებების მაგალითი ამტკიცებს, რომ თუკი თავგანწირვით ირჯები და არ ნებდები, აუცილებლად გამარჯვებული გამოხვალ ამ ბრძოლიდან.
მე ვიცნობ ასეთ ახალგაზრდას ლონდონში, რომლის დადგმულ ცეკვებსა და ქორეოგრაფიულად გაფორმებულ სანახაობებს სასიამოვნოდ გაუოცებია საზოგადოება და მეც ჩემს მიმოხილვებში აღუნიშნავი არასოდეს დამრჩნია მისი ნამუშევარი. თუმცა, ქორეოგრაფი შალვა ქავთარაძე იმდენად ნაყოფიერ და სასარგებლო საქმიანობას ეწევა, რომ ნამდვილად იმსახურებს მასზე უფრო ვრცლად ითქვას და დაიწეროს.

მის მიერ ექვსი წლის წინათ დაარსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“ ლონდონში გამართული ყველა ქართული მოვლენის, ფესტივალისა თუ ზეიმის თანამდევი სამკაულია, რომელიც მაყურებლის გულწრფელ აღფრთოვანებას იმსახურებს. ამ ხნის განმავლობაში ანსამბლმა არაერთ საღამოში მიიღო მონაწილეობა და ბოლო ხანებში იმგვარად გაამდიდრდა თავისი რეპერტუარი, რომ დამოუკიდებელი კონცერტების გამართვაც შეძლო.
ამას წინათ, ლონდონში, რუდოლფ შტაინერის სახლის დარბაზში „ფესვების“ კონცერტს ორასზე მეტი მაყურებელი დაესწრო, ანსამბლის შესრულებით აუდიტორიამ იხილა 11 ცეკვა: „ქართული“, „ფარცა“, „მუხამბაზი“, „კინტაური“, „სამაია“, „ნარნარი“, „მთიულური“, „ალვანური“, „ჯეირანი“, „აჭარული“, „ოსური“.
შალვა ქავთარაძე ექვსი წლიდან ეზიარა ქართულ ცეკვას პედაგოგ რობერტ ქორჩილავას ხელმძღვანელობით. იგი 15 წლისა მოხვდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონში“, სადაც გამოჩენილ ქორეოგრაფ რევაზ ჭოხონელიძესთან გატარებული ხანა დიდი ცოდნისა და გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა მისთვის. ალბათ ამან განსაზღვრა კიდეც მისი პროფესიული გადაწყვეტილება, რომ სამუდამოდ დაეკავშირებინა ქართული ცეკვისთვის თავისი მომავალი. „ერისიონის“ მერე შალვა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდა, სადაც ქორეოგრაფიას შოთა გუგუშვილი უძღვებოდა.
ცეკვის დადგმას კარგი პროფესიული მონაცემების გარდა პედაგოგის დიდი ალღო და მოთმინებაც სჭირდება. შალვას ეს თვისებები ბუნებრივად რომ არ მოსდგამდეს, ვერ შეძლებდა ცოცხალი ანსამბლის შექმნას და შენარჩუნებას, რომელიც უწყვეტად ვითარდება და მდიდრდება ახალი მონაპოვრებით. ქართველი მოზარდებისთვის კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნულ ცეკვასთან დაახლოებას, ეს მათთვის მარტო სასცენო მოძრაობის და საცეკვაო ილეთების დაუფლების გაკვეთილი ხომ არ არის? შალვა ქავთარაძის დატვირთული რეპეტიციები ხომ საქართველოს ისტორიას, მის მდიდარ კულტურასა და ღრმა ფესვებსაც აზიარებს უცხოეთში დაბადებულ ქართველ ბავშვებს…
ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის არსებობას ლონდონში თავის დატვირთვა და მნიშვნელობა აკისრია. ამ მულტიკულტურულ ქალაქში ყველა თავისი ფესვებისა და ტრადიციების ჩვენებას ესწრაფვის. და თუკი ვინმეს გააჩნია მიმზიდველი და ეროვნული სულის მკაფიოდ გამომსახველი ხელოვნება, ასეთი გახლავთ სწორედ ქართული ცეკვა, რომელიც ერის თავისებურ სავიზიტო ბარათად გვევლინება. ამას ცხადად მოწმობს მათ კონცერტებზე დამსწრეთა რეაქცია, არაერთი მათგანი ამ ცეკვების მეოხებით გაეცნო საქართველოს და მისი კულტურის უფრო ახლოს გაცნობისა და მხარდაჭერის სურვილი გაუჩინა. მაგალითად ლონდონელმა პატრიკ ჯოინსმა დაუჯერებელი უანგარობა გამოიჩინა და ორი წლის წინათ „ფესვებს“ საკონცერტო დარბაზის ქირა გადაუხადა.
„რომ არა კეთილშობილი და ქველმოქმედი ადამიანების დახმარება და ზრუნვა, ანსამბლი ვერ შეძლებდა ყურადღების მიქცევას და მითუმეტეს, განვითარებას. მოგეხსენებათ, ანსამბლს სჭირდება მუდმივი სარეპეტიციო დარბაზი, ასევე ეროვნულ საცეკვაო სამოსი, რომელიც მხოლოდ თბილისში მზადდება. თუნდაც პრობლემა არის უკვე არსებული კოსტიუმების შენახვა, ანუ მუდმივი გარდერობი. ახლაც ამ ბოლო კონცერტის დარბაზის ქირა ლონდონის ქართული საკვირაო სკოლის პატრონმა და დირექტორმა ლია ჯიქია-გოგრიჭიანმა გადაიხადა. ბარემ, აქვე იმასაც ვიტყვი, სწორედ ამ საოცარი ქალბატონის დამსახურებაა, ასეთ შეღავათიან ფასში რომ მიგვიწვდება ხელი სარეპეტიციო დარბაზზე“, – ამბობს შალვა.
შალვა დიდ მადლიერებას გამოხატავს ლონდონის მაცხოვრის შობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მამა დოროთეს, ასევე ცნობილი მომღერლის ქეთი მელუას, ქართველი ბიზნემენების თამაზ სომხიშვილისა და ივანე ჩხარტიშვილის მიმართ, რომლებმაც არაერთხელ გაუწიეს ფინანსური დახმარება კოსტიუმების შეძენასა თუ სარეპეტიციო დარბაზის დაქირავებაში. ასევე აღნიშნავს საქართველოს საელჩოს მხარდაჭერას, რომელმაც წლეულიდან თავის თავზე აიღო ანსამბლის საცეკვაო სამოსის შენახვა.
შალვას ძალიან უჭირდა ლონდონში გაძლება ცეკვის გარეშე. ჩემთან საუბარში გაიხსენა კიდეც, თუ რამდენჯერ გაღვიძებია ღამე იმით შეწუხებულს, რომ რეპეტიციაზე აგვიანდება.
„ვერ შეველიე ჩემს ყველაზე დიდ შთაგონებას, მუდმივად ვფიქრობდი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის შექმნაზე. სულ უფრო მიპყრობდა ეს სურვილი და დღე და ღამეს ვასწორებდი ბავშვების შესაკრებად, აქ მშობლების დიდი ჩართულობის და დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებოდი და მე ამას ძალიან ვაფასებ. მხნეობას მმატებდა ის ფაქტი, რომ ჩემი ირწმუნეს და გვერდში ამომიდგენენ. ადვილი არ არის სარეპეტიციო დარბაზის მოპოვება ისეთ ძვირ ქალაქში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. როცა პირველი რამდენიმე ცეკვა ვაჩვენე საზოგადოებას, მე ვიგრძენი მათი ინტერესი და გამხნევება“.
„ისეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, როგორიც გახლავთ შალვა ქავთარაძე, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და მათი შრომის ჯეროვნად შეფასებას იმსახურებენ. ისინი მორიდებულობის გამო კარებს ვერავის აუტალახებენ, ამიტომ უნდა გამოჩნდნენ დამფასებელი ადამიანები, რომლებიც მის მიერ დაწყებულ და აქამდე ბრძოლითა და თავგანწირვით მოტანილ საქმეს ყურადღებას მიაპყრობენ და დღეგრძელობას არ მოუშლიან ანსამბლს“, – ამბობს ჩემთან საუბარში ლია ჯიქია-გოგრიჭიანი.
მართლაც, რა ფანატიკურად უნდა გიყვარდეს შენი საქმე, რომ ამდენმა დაბრკოლებამ ვერ გაგტეხოს და აზრი ვერ შეგაცვლევინოს. ალბათ, ამ ერთგულებას ხედავს ღმერთი და დახმარების ხელი თითქოს ციდან ჩნდება ხოლმე. აი, ასე მოვიდა დღემდე ანსამბლი და ზემოთ ნახსენები ქველი ადამიანების წყალობით იგი დღემდე აგრძელებს არსებობას და კვებავს იმედს, რომ „ფესვები“ კვლავაც იცოცხლებს.
ამ ანსამბლის არსებობით განსაკუთრებით ლონდონის ქართული სათვისტომო უნდა იყოს დაინტერესებული და იგი მეტად უნდა შეკავშირდეს ამ აზრის გარშემო, რათა მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დადგეს. აგერ, წლეულს საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილეა და არაერთი ღონისძიება არის დაგეგმილი ლონდონსა და ბრისტოლში (თბილისთან დამეგობრებული ქალაქი). თქვენ წარმოიდგინეთ, საზეიმო მიღებები რამდენად მშრალი იქნებოდა ქართული ფოლკლორული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობის გარეშე (კარგია, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს რამდენიმე სიმღერის ანსამბლი, სადაც ინგლისელები ქართულ ფოლკლორს მღერიან).
სიმღერა და ცეკვა  ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მათი გვერდიგვერდ წარმოჩენა სულ უფრო მეტ ადამიანს უქმნის წარმოდგენას ქართულ სასიმღერო და ქორეოგრაფიულ საუნჯეზე. როგორც ქართული ღვინო არის ჩვენი თავმოსაწონებელი ღვთაება, ასეთივეა ქართული ცეკვა და სიმღერა, რომელსაც ვაზის კულტურასავით ღრმა ფესვები გააჩნია.
ამ უნიკალური ფასეულობების პატრონობა ქართველებს ერთგვარ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს… თითოეულ ჩვენგანზეც არის დამოკიდებული მათი შენარჩუნება უცხოეთში. დიდი ყურადღებით თუ ვერ გავანებივრებთ, ის მაინც შეგვიძლია აქ მცხოვრებ ქართველებს, რომ მათ სტაბილურ არსებობას საფრთხე არ დაემუქროს. თუკი, წელიწადში ორი კონცერტი მაინც გაიმართება ხოლმე „ფესვების“ მონაწილეობით და მასზე დასწრებას არ დაიზარებს ლონდონის ქართველობა, ამით საიმედო ფონდი შეექმნება ანსამბლს.
ნიჭიერი და ნაყოფიერი ქორეოგრაფის შალვა ქავთარაძის მიერ შექმნილი ანსამბლით კი ნამდვილად შეუძლია იამაყოს როგორც ლონდონელმა ქართველობამ, ასევე საქართველომ. ეს ის ხელოვანია, ვისაც ორმაგ დაუსწრებლობაში უწევს ყოფნა და როგორც საქართველოსთვის, ასევე დიდი ბრიტანეთისთვის სამაგალითო საქმეს ემსახურება.
ვისურვებდი, ასეთი ღირსეული ახალგაზრდების ფასი უმალ შეგვეცნო და შესაბამისი ყურადღება ახლავე არ დაგვეკლო, რადგან ცეკვის ხელოვნება სწორედ აწმყოში, მაყურებლის თვალწინ იბადება და იძენს სიცოცხლეს.

გიორგი ლალიაშვილი, ლონდონიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები