„კოდუაც ისეთივე გარეწარია ჩემთვის, როგორც ნამორაძე… ნამორაძეს ქორწილი გადავუხადე, ბაკურიანში აგარაკი ვაჩუქე“
დავით კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე მისი ბიზნესსაქმიანობისა და სახელის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
გოგა ზაქაიძეს, რომელიც “ტიფლის დეველოპმენტის” მფლობელია, ნოშრევან ნამორაძემ სასამართლოში უჩივლა. ზაქაიძის თქმით, იგი ფლობს ყველა დოკუმენტს, რომელიც მასთან ბიზნესპარტნიორობის პერიოდში გატანილ თანხებსა და ფართებს ასახავს, ამიტომ მას ნამორაძესთან დავაში გამარჯვების უნარი აქვს.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, 2008 წელს, მისი ბიზნესპარტნიორი ნოშრევან ნამორაძე იყო, რა პერიოდშიც ნამორაძე დავით კოდუასთან მეგობრობდა.
“ერთ-ერთი 25% იყო დავით კოდუასი, რომელსაც მე იმ დროს ვიცნობდი, თუმცა არ ვმეგობრობდი. იგი ჩემთან მოიყვანა ნოშრევან ნამორაძემ. თავიდან ყველაფერი ასე დაიწყო: “ტიფლის დეფელოპმენტი” ჩამოვაყალიბეთ აუქციონზე 700 ათას დოლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთით, თუმცა ნოშრევან ნამორაძემ მითხრა, რომ თანხა არ ჰქონდა და მერე შემოიტანდა თავის წილს ნაკვეთისთვის. წესით, მას უნდა გადაეხადა 350 ათასი დოლარი, მე კი კრედიტი დავფარე 700 ათასი დოლარი და ველოდებოდი მისგან თანხის შემოტანას. ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო მშენებლობა. ნამორაძემ ისევ განაცხადა, რომ თანხა არ ჰქონდა, მე დამედო ეს თანხა და შემდეგ შემოიტანდა. მშენებლობა დავიწყე 400 ათასი დოლარით. თუმცა, ნამორაძეს ამ პერიოდში არ ჰქონდა თანხა შემოტანილი. იგი იმ პერიოდში იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც მთხოვა, რომ მისი მეჯვარე ვყოფილიყავი, ქორწილი გადავუხადე, ბაკურიანში აგარაკი ვაჩუქე. აგრეთვე, მის მეუღლეს მივეცი ჩემი ძვირადღირებული ავტომობილი. შემდეგ დამაკავეს ზუსტად იმ პერიოდში, რა დროსაც ნოშრევან ნამორაძე დააკავეს”, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის და ნამორაძე ერთი და იგივე მიზეზით დააკავეს, კერძოდ ნარკოტიკი ჩაუდეს.
“გათავისუფლების შემდეგ მე კვლავ გავაგრძელე ჩემი ბიზნესსაქმიანობა, 2009 წელს კოდუას და ნოშრევან ნამორაძეს კვლავ არც ერთი თეთრი არ ჰქონდათ კომპანიაში შემოტანილი, მხოლოდ ერთხელ შემოიტანეს 30 ათასი დოლარი, რომელიც ისევ მალე გაიტანეს უკან. ამის შემდეგ, მე ისინი ვაიძულე, რომ გასულიყვნენ წილიდან. კერძოდ, მათ ამ პერიოდში მშენებლობიდან გატანილი ჰქონდათ დაახლოებით 2500 კვმ ფართობი, რომელიც შემდეგ უნდა დაერიგებინათ მოსახლეებზე, მე მათ ვუთხარი, რომ თუკი ჩემს ვალს, რომელიც წარმოადგენდა მილიონზე მეტ დოლარს, არ დააბრუნებდნენ, მე მშენებლობას არ გავაგრძელებდი და პრობლემები შეექმნებოდათ წინასწარ დარიგებული ფართების გამო. ისინი იძულებული იყვნენ, რომ ნოტარიუსის მეშვეობით გადმოეფორმებინათ თავიანთი წილები, ნამორაძის დედა და მეუღლე, რომლებიც ფიქტიურად ფლობდნენ ამ წილს, მივიდნენ ნოტარიუსში და ეს წილი გადმოაფორმეს”, – განაცხადა ბიზნესმენმა.
მისივე თქმით, სწორედ გატანილი ფართების შედეგად დაგროვდა კოდუასა და ნოშრევან ნამორაძის ვალი. ბიზნესმენის განცხადებით, ნოშრევან ნამორაძემ მას უჩივლა და წილების დაბრუნებას ითხოვს.
“რვა თვეა, ნოშრევან ნამორაძე ჩივის და ითხოვს წილების დაბრუნებას, რომელ წილზე საუბრობს ის, როდესაც ერთი თეთრი არ აქვს შემოტანილი კომპანიის ანგარიშზე და ამასთან ერთად გააჩნია ვალი? რაც შეეხება მისი მეუღლის განცხადებას, თითქოს მას მანქანა წაართვეს, ეს მანქანა მის მფლობელობაში არ ყოფილა, უბრალოდ, იგი დადიოდა ჩემი მანქანით, რომელიც გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფოს გადავუფორმე”, – განაცხადა ბიზნესმენმა გოგა ზაქაიძემ.
მისივე განმარტებით, გათავისუფლების სანაცვლოდ მაშინდელმა ხელისუფლებას დაახლოებით 180 ათასი დოლარის ღირებულების ქონება გადასცა. მისივე თქმით, გათავისუფლების შემდეგ ნოშრევან ნამორაძე და კოდუა დაპირისპირებულები იყვნენ. წილების გადმოფორმების საკითხზე რამდენჯერმე მოუწია კოდუასთან შეხვედრა.
“კოდუაც ისეთივე გარეწარია ჩემთვის, როგორც ნოშრევან ნამორაძე. მათ კომპანიის ფართი წაიღეს და ფული არ მოიტანეს”, – განაცხადა ბიზნესმენმა.