პოლონეთში მომხდარ ავარიას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა

პოლონეთში, ქალაქების – ოპოჩნოსა (ლოძის რეგიონი) და კონსკიეს (სვიეტოკშის რეგიონი) დამაკავშირებელ გზაზე 16 მარტს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა, საქართველოს ხუთი მოქალაქე კი სხეულის დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაციის მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა საქართველოს კონსული პოლონეთის რესპუბლიკაში – თეიმურაზ ფურცელაძე. მან დაშავებულები მოინახულა და ადგილობრივ სამართალდამცავ სტრუქტურებში შეხვედრა გამართა. არსებული ინფორმაციით დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„წინასწარი ინფორმაციით, „ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, ხუთი დაშავებულს კი პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ. პოლონეთში საქართველოს საელჩომ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს და მუდმივ კავშირზეა მათთან. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება გარდაცვლილი თანამოქალაქეების გადმოსვენების პროცედურის დაწყება. საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურებრივი მიზნით იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები