მედიის წარმომადგენლებს სოფლის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს

საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების, 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც 17-18 მარტს ყვარელში გაიმართა, საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების 40 ჟურნალისტი დაესწრო

შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა.

„სოფლის განვითარება საქართველოსათვის ახალი, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კონცეფციაა. მისი დანერგვა და განხორციელება ბევრ საკვანძო სფეროზე აისახება, მათ შორის, ეკონომიკაზე, გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე და სოფლის მეურნეობაზე. სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების წარმატებისათვის“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა,

შეხვედრაზე სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ სოფლის განვითარების პოლიტიკის შექმნასა და დანერგვაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება და ქართულ რეალობაში მისი გამოყენების შესაძლებლობები გააცნო. ასევე, ყურადღება გამახვილდა სოფლის განვითარებაში 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრა სამუშაო ჯგუფებში გაგრძელდა, სადაც ჟურნალისტებმა სოფლის განვითარების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს და სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებული საკომუნიკაციო მასალების საკუთარი ხედვა წარადგინეს.

სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველომ 2017 წლის მარტში მიიღო. სტრატეგიის მიზანია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა და საქართველოს ეროვნული ხედვის განსაზღვრა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგიის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ეროვნული განხილვა, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.

სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების პროცესს მხარს უჭერენ ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის, ENPARD-ის ფარგლებში.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.

საქართველოში პროგრამა ENPARD-ი 2013 წლიდან ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 179 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე ფაზა მიზნად სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას ისახავს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები