საპატრიარქო ნიკა გვარამიას პატრიარქთან შეხვედრაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მიზეზია განმარტებული, რის გამოც ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დირექტორი, ნიკა გვარამია 15 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

” ხუთშაბათს შედგა ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიას შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

სამწუხაროდ, იმ დღესვე გავრცელდა და ,,შაბათის კურიერის“ ,,პრომოშიც“ გამეორდა აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს შეხვედრა მოხდა მისი უწმინდესობის, ილია II-ის ინიციატივით, რაც არასწორია.

ბ-ნმა ნიკოლოზ (ნიკა) გვარამიამ თვითონ ითხოვა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა, შუამავლობა კი გაწია მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი). ამას ადასტურებს მეუფე ვახტანგიც და კათოლიკოს-პატრიარქიც.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ბ-ნი ნ. გვარამიას მოსვლის მიზანი იყო, ეთქვა მისი უწმინდესობისათვის, რომ სურდა, ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ, რადგან მას, როგორც იურისტს, მიაჩნია, რომ დეკანოზი ამას იმსახურებს.

კათოლიკოს-პატრიარქმა უპასუხა, რომ მას მამა გიორგის დაჭერა არ მოუსურვებია და საქმის საგამოძიებო დეტალებიც არ იცის, ამდენად მისი (ანუ ნ.გვარამიას) ნებაა, თუ როგორ იმოქმედებს.

P.S. რომ არა კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის შესახებ გაჟღერებული არასწორი ინფორმაცია, ეს განმარტება არ გაკეთდებოდა” – წერია განცხადებაში.

გვარამიამ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატობა თებერვალში შესთავაზა.

რამდენიმე დღის წინ ცნობბილი გახდა, რომ ნიკა გვარამია საადვოკატო საქმიანობას უბრუნდება. მან მატროსოვის ციხეში დეკანოზის საქმის მთავარი ფიგურანტი, მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

სტრასბურგის სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესებს სწორედ ნიკა გვარამია დაიცავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გვარამიამ უთხრა.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები