თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პარიზში, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, კაროლ ბუნო ბონარს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის არაერთი პრიორიტეტული საკითხი განიხილეს.
თამარ ჩუგოშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საფრანგეთს, ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და მეორე მხრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ფრანგულმა მხარემ თანამშრომლობის განმტკიცების კეთილი ნება და მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოთქვა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფრანგულ მხარეს ქვეყნის შიგნით განხორციელებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გააცნო. მან განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა, რაც საქართველოს მთავრობის მთავარ გამოწვევად რჩება.
თამარ ჩუგოშვილმა ფრანგ კოლეგას ინფორმაცია ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის თაობაზე მიაწოდა და ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებას, მათ შორის, ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით.
საუბარი შეეხო ასევე უვიზო რეჟიმის კონტექსტში დადებითი დინამიკის შენარჩუნების კუთხით ინიცირებულ ნაბიჯებსაც და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართულ ინიციატივებზე.
ფრანგული მხარე დაინტერესდა კონკრეტული სფეროებით, რა მიმართულებითაც პრიორიტეტულია პარტნიორობის გაძლიერება, მათ შორის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის კუთხით.
დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიალოგის გაძლიერების საჭიროებას და კონსულტაციების გამართვაზე შეთანხმდნენ. ​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები