“ქალთა მოძრაობა” საგანგებოდ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს მიმართავს

ორგანიზაცია “ქალთა მოძრაობა” “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის წევრობის ერთ-ერთ კანდიდატს, ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს-ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ, გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“ქალთა მოძრაობა” ამ საკითხთან დაკავშირებით  საგანგებოდ საქართველოს პარლამენტსა და სახალხო დამცველს მიმართავს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრად არ უნდა აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი – ზვიად დევდარიანი, რომელიც, მიუხედავად მისი საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, მხილებულია სექსუალური შევიწროების ჩვენთვის ცნობილ ათამდე შემთხვევაში.
16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, “ქალთა მოძრაობის” სამუშაო ჯგუფში მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ. ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს” აღმასრულებელი დირექტორი და კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ.
ზვიად დევდარიანი წლების მანძილზე იყო “ქალთა მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი. ის ესწრებოდა ჩვენ მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას, ღიად და საჯაროდ უჭერდა მხარს ქალთა უფლებებს და ამ დრომდე, ის ითვლებოდა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ თანამოაზრედ. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი “ქალთა მოძრაობის” არაერთი წევრის კოლეგა და მეგობარია.
“ქალთა მოძრაობა” სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზვიად დევდარიანთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი. ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ, რაც, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ, კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”.
ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი, ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროების შეჩერება. “ქალთა მოძრაობა” წუხს, რომ წლების მანძილზე, მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ, ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროებდა.
გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” პოლიტიკა განსაზღვროს.
მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოითხოვოს “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ”,-ნათქვამია “ქალთა მოძრაობის” გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები