„ახალგაზრდა ადვოკატები“: „ხმაურის კანონის“ დარღვევაზე, 29,550 ლარით, ბოლო 6 თვეში, 26 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი დაჯარიმდა

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტებსა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის გავრცელების საკითხებთან დაკავშირებით, მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს, სარეკომენდაციო წინადადებებით მიმართავს.

შესაბამისი განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა გიორგი ზოიძემ გააკეთა.

გიორგი ზოიძის განცხადებით, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, შსს-ს საპატრულო პოლიციის მიერ, საერთო ჯამში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების დარღვევის გამო, რაც გულისხმობს დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებსა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების აკრძალვას, სულ 143 ფიზიკური და იურიდიული პირი იქნა გაფრთხილებული.
მისივე თქმით, აქედან დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი – საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის – დაჯარიმდა 24 ფიზიკური პირი, თითოეული – 150 ლარით, ხოლო 17 იურიდიული პირი, თითოეული – 500 ლარის ოდენობით.

„ორგანიზაციამ დაადგინა, რომ დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის, ერთი წლის განმავლობაში, ერთი და იმავე სუბიექტების მიმართ, ახალი ჯარიმა გამოიწერა 18 შემთხვევაში. აქედან – 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა 300 ლარით, ხოლო 17 იურიდიული პირი, განმეორებითი ქმედებისთვის, თითოეული – 1 000 ლარით. რაც შეეხება მონაცემებს ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების ფაქტებზე, დაჯარიმდა 1 ფიზიკური პირი, სულ 150 ლარით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ხმაურის შესახებ შესული ცვლილებების შემდგომ, საერთო ჯამში, 26 ფიზიკური პირი, ხოლო 34 იურიდიული პირი იქნა დაჯარიმებული. საჯარიმო თანხის ოდენობამ, ფიზიკური პირების შემთხვევაში – 4 050 ლარი, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში – 25 500 ლარი შეადგინა.

ორგანიზაციისთვის შესწავლის დროს საყურადღებო აღმოჩნდა საკითხი იმის შესახებ, თუ გაიზარდა თუ არა დაინტერესებულ პირთა მიმართვიანობა პოლიციის მიმართ ხმაურის შესახებ, თუმცა შსს-ის სსიპ „112“-ის ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ ცალკეულად, „ხმაურით შეწუხებასთან დაკავშირებული შესული ინფორმაციების აღრიცხვა არ ხდება“, – განაცხადა გიორგი ზოიძემ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, შესწავლა ცხადყოფს განხორციელებული ცვლილების ნაკლებ ეფექტურობას და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან საჭიროებს დროულ რეაგირებას, ვინაიდან წარმოდგენილ ცვლილებას არ დაეკარგოს დასახული მთავარი მიზანი და უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის მშვიდად ცხოვრების საშუალება.
„ორგანიზაცია საკითხის მოკლევის პროცესში გამოყოფს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილს, რაც გულისხმობს ხმაურის რეგულაციათა დარღვევის ფაქტზე მტკიცებულებათა საკითხს და ხმაურის შესახებ ფაქტის დადასტურებას, რაც ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება. მაგალითად, ე.წ. „წყვეტილი ხმაურისას“ საპატრულო ეკიპაჟის გამოძახების შემთხვევაში, ვერ ხდება ხმაურის ფაქტის დადასტურება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები დაზუსტდეს და მკაფიოდ განისაზღვროს მტკიცებულებათა მიმართულება, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ხმაურის ფაქტის დადასტურებას და ხელს შეუწყობს „ხმაურის შესახებ“ რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას.

ორგანიზაცია „ხმაურის შესახებ“ რეგულაციათა ე.წ. „სამეზობლო ურთიერთობებში“ დარღვევების გარდა, აქცენტს აკეთებს სამშენებლო, ბარებისა და რესტორნების საქმიანობით გამოწვეულ და ზოგადი საზოგადოებრივი ხმაურის რეგულირებაზე. აღიარებულია, რომ სამშენებლო პროცესს თან ახლავს გარკვეული ტიპის ხმაური და რიგ შემთხვევებში, ეს ჩვეულებრივ, დასაშვებ ხმაურად მიიჩნევა, რაც ცალსახად არასწორი მიდგომაა, როგორც მშნებლობის „დამკვეთი“, ისე „შემსრულებელი“ ვალდებული უნდა იყოს მკაცრად დაიცვას ხმაურის შესახებ დაწესებული რეგულაციები. მიუხედავად იმისა, რომ დღის საათებში, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ხმაური დასაშვებია, ეს არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული მოსახლეობის მშვიდი ცხოვრების წინააღმდეგ. რესტორნებისა და ბარების საქმიანობით გამოწვეულ ხმაურის შემთხვევაში, ის განსაზღვრული – შეზღუდული დრო, რაც გათვალისწინებულია რეგულაციებით, არასაკმარისია შედეგის მისაღწევად. ამ მიმართულებით, დასახელებული ობიექტიების წარმომადგენელბს უნდა განესაზღვროთ გარკვეული პირობები და ყველა მსგავსი დაწესებულება უზრუნეველყოფილი იყოს შესაბამისად, რომ მოხდეს ხმაურის გარე პერიმეტრზე გავრცელების მაქსიმალური შემცირება, ღამის საათებში კი სრულად შეზღუდვა. რაც ეხება ზოგადი, საზოგადოებრივი ხმაურის რეგულირებას, აღნიშნულზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ცალსახად მიუთითებს, რომ მოქმედი რეგულაციები, ამ მიმართულებით, არ ვრცელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, დასახელებული ხმაური ძალზედ შემაწუხებელი და ხშირ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის საზიანოც კი შეიძლება იყოს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ამგვარი ხმაურის და მასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების რეგულირება მოცულობითი საკითხია და არასწორია მათი ხმაურის შესახებ მოქმედ რეგულაციებში მოაზრება. მაგალითად, თუ კონკრეტულ ადგილას მოხდება საავტომობილო გზის ან სარკინიგზო ხაზის გაყვანა, ან აეროპორტის მშენებლობა, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია სატრანსტპორტო საშუალებების გადაადგილებით გამოწვეულ ხმაურთან, დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების ფასი, საგრძნობლად მცირდება. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული პირდაპირ არღვევს მესაკუთრეთა უფლებებს, რაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური კონპენსაციის გზით უნდა იყოს დაბალანსებული, რათა საჯარო ინტერესის პარალელურად, დაცული იყოს, თუნდაც ერთი მოქალაქის უფლება და ინტერესი.“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს.

„ხმაურთან დაკავშირებით ამოქმედებული რეგუალაციების ეფექტური განხორციელებისთვის აუცილებელია დადგინდეს და მკაფიო გახდეს ხმაურთან დაკავშირებული ფაქტების დადასტურებისთვის მტკიცებულებათა სავალდებულოობის საკითხი; სანქცია უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზეც, როდესაც იურიდიული პირები მათ ხელთ ასრებული რესურსების გათვალისწინებით, არ უზრუნველყოფენ ხმაურის გავრცელების შეზღუდვას; შეიქმნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სამსახური/აპარატი, რომელიც ხმაურის მიმართულებით განახორციელებს საერთო კონტროლს“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ საკითხზე შესწავლის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ უწყებებს 2018 წლის იანვარში მიმართა. მონიტორინგის შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენდა, 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, საერთო ჯამში, თუ რამდენმა იურიდიულმა თუ ფიზიკურმა პირმა მიმართა საპატრულო პოლიციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, რამდენი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ იქნა გაცემული გაფრთხილება დარღვევისთვის, რამდენი ფიზიკური თუ იურიდიული პირი იქნა დაჯარიმებული იმავე მიზეზით და რამდენს შეადგენს დაჯარიმებული თანხის ოდენობა. რეკომენდაციები შსს და საქართველოს პარლამენტს უკვე გაეგზავნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები