საქართველოს მთავრობამ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საქართველოს მთავრობამ, დღევანდელ სხდომაზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ აღსრულების პროცესის კიდევ მეტი ეფექტურობისათვის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია კოდექსის ზოგიერთი ნორმა დაზუსტდეს, კიდევ უფრო მოქნილი გახდეს და კოდექსი უკეთ შეუსაბამოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

კანონპროექტის თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების მიღებას, ბრალდებულის გარდა, მსჯავრდებული არასრულწლოვანიც შეძლებს; არასრულწლოვან მოწმეს და გამოსაკითხ პირს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაშიც − დღემდე ეს შესაძლებლობა მხოლოდ გადახდისუუნარობისას მოქმედებდა; ზუსტდება არასრულწლოვნის უფლება, რომ მის მიმართ საპროცესო მოქმედება მხოლოდ არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პირებმა განახორციელონ იმ საქმეზეც, სადაც იგი მოწმედ მონაწილეობს სრულწლოვანი პირის პროცესში; დეტალურად განისაზღვრება, რა შემთხვევებში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მატერიალური და საპროცესო ნორმები; კერძოდ, იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როგორც არასრულწლოვანმა, და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“.

ასევე, თუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის დაწყებისას პირი იყო არასრულწლოვანი და პროცესის დასრულებამდე გახდა სრულწლოვანი, მის მიმართ პროცესის იმ ეტაპიდან, როცა ის სრულწლოვანი გახდა, გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. კოდექსის ყველა  მუხლში, სადაც ფსიქოლოგის ჩართულობა  გათვალისწინებულია, კონკრეტდება პროცესში ფსიქოლოგის ჩართვის წესი და მისი ფუნქციები; ზუსტდება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები − ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადება და გათვალისწინება სავალდებულო გახდება იმ შემთხვევაშიც, როცა საქმე აკმაყოფილებს განრიდების საკანონმდებლო კრიტერიუმებს, თუმცა, პროკურორი არ იღებს გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის განრიდების თაობაზე. კანონპროექტით იცვლება, აგრეთვე, ცალკეული პროცესუალური საკითხი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზედმეტი გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად.

ცვლილებები „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში“ მულტიდისციპლინური ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის ინიციატივით 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა და მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ უწყებებს აერთიანებს. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლების, ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე,  პროკურატურის, საერთო სასამართლოების, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები