ანი მიროტაძე შავგულიძის ინიცირებულ კანონპროექტზე: ეს ინიციატივა და კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს

პოლიტიკური გაერთიანება „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, შალვა შავგულიძის მიერ ინიცირებულ, იმ კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

„ჩვენ ვიცნობთ ამ ინიციატივას, ცხადია სანამ მოხდებოდა მისი პარლამენტში წარდგენა გვქონდა მასთან მეტ-ნაკლებად შეხება, მაგრამ ისევე, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენც გვაქვს კითხვები გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. ინიციატივა ეკუთვნით „თავისუფალ დემოკრატებს“, უფრო კონკრეტულად შალვა შავგულიძეს. ეს იურიდიულად გამართულია, მაგრამ აქ არის ის თუ რამდენად არის შესაბამისობაში გამოხატვის თავისუფლებასთან. მათ შორის პოლიტიკურ ორგანიზაციებს, ცალკეულ პოლიტიკოსებს, სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლებს რამდენად უნდა შევუზღუდოთ ან გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა, ან უფლება შევუზღუდოთ თავისუფალი საქმიანობის უფლება. ამიტომ ჩვენ დავსვით გარკვეული კითხვები, რომელთა მეტ-ნაკლებად გადაჭრის, ან ამოღების შემთხვევაში ჩვენთვის ეს ინიციატივა და სულისკვეთება გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა და კანონპროექტი დახვეწას საჭიროებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იმდენად აქტუალურ და სენსიტიურ თემას ეხება, რომ ამ კანონპროექტის ირგვლივ ამ დღეების განმავლობაში ვნებათაღელვა გაგრძელდება“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
პარლამენტის ყოფილი წევრი იმედოვნებს, რომ ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულ კანონპროექტშია, უფრო დაიხვეწება და მკაფიო გახდება. მიროტაძის თქმით, მისი პოლიტიკური გაერთიანება სწორედ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
„როცა გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი ხელში არ გაქვს და ხარ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და გაქვს მსგავსი ტიპის შეხვედრები, ის პრობლემები რომელიც არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის, ცხადია რჩება გადაუწყვეტელი, ვინაიდან არ ფლობ შესაბამის ბერკეტებს. მე ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები არანაირი ტიპის შედეგზე არ არის ორიენტირებული და ვერ იქნება შედეგის თვალსაზრისით გამართებული, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეორე დილემა არის ის რამდენად გვაქვს ჩვენ უფლება საკანონმდებლო დონეზე ავკრძალოთ თავისუფლება, პოლიტიკური ძალების ან ცალკეული პოლიტიკოსების, რომელი უფლებაც სხვათაშორის მათ კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. შესაბამისად, მე როცა ვამბობ, რომ არის ბევრი ბუნდოვანება და კითხვისნიშნები, პირველ რიგში ვგულისხმობ სწორედ იმ შეუსაბამობაზე, რომელიც შესაძლოა იყოს კონსტიტუციასთან მიმართებაში“, – აღნიშნა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები