“პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება”

„თუ პარლამენტი არ იქნება ქმედითი, ვერც ზოგადად დემოკრატიული სისტემა ვერ იმუშავებს წარმატებულად – აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის საზრუნავი უნდა იყოს პარლამენტის გაძლიერება და მისი შესაძლებლობების განვითარება”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტში დღეს სამოქალაქო საზოგადოების დღე აღინიშნა. ირაკლი კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტო საქმიანობის მთავარი შედეგები და მიღწევები გააცნო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ გახსნა და პარლამენტსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ფუნქციების გაძლიერება შესაძლებელია მაშინ, როდესაც კანონშემოქმედებით პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საზოგადოება.

„პარლამენტის ფუნქციის გაძლიერება  შესაძლებელი და ღირებულია თუ ის იქნება ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული და თუ საზოგადოება აქტიურად იქნება ჩართული კანონშემოქმედებით პროცესში. საკანონმდებლო ღიაობა კომპლექსური პროცესია, რომლის წარმატება დამოკიდებულია პარლამენტსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობასა და მათ ერთობლივ ძალისხმევაზე. ეს თანამშრომლობა კი ვერ შედგება სამოქალაქო საზოგადოების გარეშე. სწორედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები თამაშობენ დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის გაუმჯობესებაში”,- განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2011 წელს შეუერთდა  და  მეტიც – გასული წლის ოქტომბერში, საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

„საქართველოს პარლამენტიც ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, რომელმაც 2015 წელს ხელი მოაწერა ღიაობის დეკლარაციას, შექმნა ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭო და დაიწყო სამოქმედო გეგმის განხორციელება. ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2017 წელს მეორე სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, რომელიც 24 ვალდებულებას მოიცავს და ეს ვალდებულებები ეფუძნება ღია მმართველობის 4 ძირითად პრინციპს: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, საზოგადოების ჩართულობა, ტექნოლოგიები და ინოვაციები. ამ სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ვალდებულება გახლავთ საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ყოველწლიური შეხვედრების ინსტიტუციონალიზაცია”,- განაცხადა ირინა ფრუიძემ.

მისი თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები საჯარო მომსახურების გაუმჯობესებას, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლებას და კორპორაციული ანგარიშვალდებულების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„სწორედ ამიტომ, მისასალმებელია, რომ პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრა ტრადიცია და უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განმტკიცებული ვალდებულება გახდება”, – განაცხადა  ღია და გამჭვირვალე მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მუდმივი კავშირისა და  პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს რეგულარული ხასიათი მიეცემა.

„ჩვენ გვინდა, რომ მივცეთ რეგულარული ხასიათი შეხვედრებს საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენი ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში და გვინდა, რომ დავაწესოთ სპეციალური დღე ამისთვის, ყოველი წლის ივლისში და გვინდა, თქვენთან ერთად შევაჯამოთ განვლილი საქმიანობა და სამომავლო გეგმები”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ დემოკრატიულ სისტემაში პარლამენტის როლზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ პარლამენტი ქმედითი არ იქნება, წარმატებული ვერ იქნება დემოკრატიული სისტემაც. პარლამენტის თავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა, რომელიც, მისი შეფასებით შთამბეჭდავია და მოცემული მონაცემების უკან დიდი სამუშაო პროცესი დგას.

„2017 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო, ჯამში, 484 კანონი, მათ შორის, 28 კანონპროექტების პაკეტი, მივიღეთ 1571 დადგენილება – აქედან 54 დადგენილება შეეხებოდა  თანამდებობების პირთა დამტკიცებას საქართველოს პარლამენტის მიერ, ასევე, პარლამენტმა განიხილა და დაამტკიცა 59 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება, კონვენცია. თავისთავად, ეს სტატისტიკა არის შთამბეჭდავი. ბუნებრივია, ამ სტატისტიკის და ამ მონაცემების უკან დგას ძალიან დიდი სამუშაო პროცესი. თითოეულმა კომიტეტმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს წარმატებით განეხორციელებინა საკუთარი მიზნები”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას, 2017 წელს საქართველოს პარლამენტის ძირითად მიღწევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღის წესრიგის მთავარი ასპექტი საქართველოს კონსტიტუცია იყო.

„საქართველოს კონსტიტუცია იყო მთავარი ასპექტი დღის წესრიგის 2017 წლის განმავლობაში. წარიმართა ძალიან აქტიური პროცესი, ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონოდა დახვეწილი კონსტიტუცია. მე ბევრს არ ვისაუბრებ დღევანდელ კონსტიტუციაზე, რომელიც დღემდე მოქმედებს, მიმდინარე წლის ნოემბრამდე იმოქმედებს საქართველოში. ვიტყვი ზოგადად, რომ ეს არის პროავტორიტარული კონსტიტუცია, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ჩამოყალიბდეს ავტოკრატიული რეჟიმი. ჩვენ ყველას გვახსოვს, რა იდგა ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის უკან, 2010 წელს, რა მიზანი ამოძრავებდა მაშინ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობას და საქართველოს პარლამენტს, და მიზანი იყო ზუსტად ეს, რომ ასეთი ტიპის მმართველობის სისტემა დანერგილიყო და ზუსტად ეს არის კონსტიტუციაში, რომელიც დღემდე მოქმედებს ნოემბრამდე საქართველოში.

ჩვენი მთავარი მიზანი იყო ამ სურათის შეცვლა და პროავტორიტარული კონსტიტუციის ჩანაცვლება ისეთი დოკუმენტით, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიის ფორმირებას და ახალი მოდელი, რომელიც არის დამკვიდრებული და რომელიც სრულფასოვნად ამოქმედდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ზუსტად ამ მიზანს ემსახურება და ის გრძელვადიან პერსპექტივაში გამორიცხავს საქართველოში ავტოკრატიის, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას და შესაბამისი პროცესების განვითარებას. ეს არის საპარლამენტო მმართველობის მოდელი, თავისი პროპორციული საარჩევნო სისტემით და ყველა დამეთანხმებით, რომ ამ პირობებში, ამ ორი პირობის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია, ქვეყანაში ავტოკრატიული მიმართულებით პროცესების განვითარება. ეს არის უმთავრესი მიღწევა ამ რეფორმის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით ძლიერდება ოპოზიცია, თვისებრივად ძლიერდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია, დაიხვეწა უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, შემოღებულ იქნა პრემიერ-მინისტრის რეგულარული ანგარიშგების წესი.

„უამრავი ცვლილება არის შეტანილი კონსტიტუციაში, რომლითაც იხვეწება მმართველობის სისტემა, უმჯობესდება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები, უმჯობესდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის სტანდარტები, ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტები და ა.შ.  ამ ცვლილებების 80 %-ზე მეტი იყო ინიცირებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ექსპერტების და ოპოზიციური პარტიების მიერ. დღეს გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ამოქმედდება მიმდინარე წლის ნოემბრიდან, რომელსაც პირველად,  ჩვენი 25 წლიანი დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე, აღდგენის შემდეგ, აქვს დახვეწილი სტრუქტურა, გამართული სტრუქტურა, დახვეწილია ყველანაირი თვალსაზრისით, და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ, ყალიბდება ისეთი სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის საქართველოში არასწორი მიმართულებით პროცესების განვითარებას. ვფიქრობ, ეს არის უმთავრესი მიღწევა საქართველოს პარლამენტის საქმიანობისა 2017 წლის განმავლობაში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა დაასახელა და აღნიშნა, რომ რეფორმით იხვეწება დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებული რეგულაციები. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ნორმაზე, რომლის თანახმადაც შემოღებულ იქნა საქმეთა ელექტრონული, ავტომატური განაწილების წესი. მისი შეფასებით, ეს უპრეცენდენტო ნაბიჯია.

„პირველად, საქართველოს ისტორიაში, დაწყებული კომუნისტების პერიოდიდან, გაგრძელებული შემდგომი 25 წლით, პირველად გადაიდგა ასეთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ამაღლდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა თამბაქოს კონტროლისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით.

„ჩვენი საზრუნავია ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, ამას ემსახურება სწორედ თამბაქოს კონტროლის შესახებ პაკეტი, რომლითაც იზღუდება თამბაქოს მოხმარება, წესდება გონივრული შეზღუდვები იმისთვის, რომ შემცირდეს თამბაქოს მოხმარება საქართველოში და ეს საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომაროებაზე. არის ძალიან მნიშვნელოვანი და დახვეწილი პაკეტი, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, რაც იყო შეშფოთების ერთ-ერთი მთავარი საგანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტისთვის. ძალიან მაღალი იყო ამ კუთხით ნეგატიური სტატისტიკური მაჩვენებლები, დაღუპვის შემთხვევები, ტრავმების სტატისტიკა იყო ძალიან უარყოფითი და საგზაო უსაფრთხოების პაკეტი ემსახურება სწორედ ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას ამ მიმართულებით და კონკრეტული შედეგები უკვე არის”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად პარლამენტის თავმჯდომარემ საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების რეფორმა დაასახელა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა შრომის ანაზღაურების სისტემა არსებითად მოაწესრიგა.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ კუთხით, ბევრი რამ დასახვეწია. მისი თქმით, 2017 წლის განმავლობაში, პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას ასრულებდა, თუმცა, პროცესში იყო ნაკლოვანებები.

„საჭიროა მუშაობა იმისთვის, რომ პარლამენტმა უფრო ეფექტიანად და წარმატებით განახორციელოს თავისი საზედამხედველო ფუნქციები. იყო საკმაოდ აქტიური ინტერაქციის პროცესი. ხშირი იყო კომუნიკაცია მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებთან, ისინი რეგულარულად ესწრებოდნენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის ამ ინტერაქციის ხარისხი და ჩვენი სურვილია, რომ გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, პარლამენტი აქტიურად იყო ჩართული ბიუჯეტის პროექტის განხილვაში, თუმცა, ამ მიმართულებითაც, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შესაძლებლობები და რესურსები – გასაძლიერებელია.

„საზედამხედველო ფუნქციები უნდა გაძლიერდეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, ასევე, დამოუკიდებელი ორგანოების მიმართ, ესეც არის პარლამენტის პასუხისმგებლობა და პარლამენტი უფრო ქმედითად უნდა იყოს ჩართული იმ საქმიანობის ზედამხედველობაში, რომელიც ხორციელდება დამოუკიდებელი, კონსტიტუციური თუ სხვა ორგანოების მიერ”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი OGP-ის ფარგლებში წარმატების მიღწევაა. ირაკლი კობახიძემ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თითოეულ წევრებსა და ხელმძღვანელს, ასევე, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვაქვს სერიოზული მიღწევები. როგორც მოგეხსენებათ, არის გაწერილი ვალდებულებები ჩვენთვის ხუთი თავის ქვეშ: ეს არის მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, პარლამენტის ანგარიშვალდებულება, პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობა და ტექნოლოგიები და ინოვაციები. გვაქვს სერიოზული მიღწევები უკვე 2017 წელს, კერძოდ, 24 ვალდებულებიდან 13  უკვე სრულად არის შესრულებული საქართველოს პარლამენტის მიერ, 11 არის ნაწილობრივ შესრულებული და გრძელდება მუშაობა იმაზე, რომ თითოეული ვალდებულება სრულად და ზედმიწევნით შესრულდეს ჩვენი ორგანოს მიერ.

ჩვენ წინ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. OGP-ის გლობალური სამიტი, რომელიც გაიმართება 17-19 ივლისს, და იქნება უზრუნველყოფილი ძალიან მაღალი წარმომადგენლობა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ჩვენი მეგობრების მხრიდან და ბუნებრივია, პარლამენტი უზრუნველყოფს ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარებას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო პოლიტიკურ აქტივობებსა და მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურად თანამშრომლობს მეგობარი ქვეყნების პარლამენტებთან და დონორ ორგანიზაციებთან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, წარმატებულად საქმიანობენ მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები და მეგობრობის ჯგუფები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ, გააქტიურებულია პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა როლი საგარეო პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში.

„საქართველოს პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ პოლიტიკის განხორციელებაში. პარლამენტის როლი არის ფასდაუდებელი საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ფუნქცია მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის ბოლოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის დამტკიცება, ასევე, საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია უკვე კონსტიტუციურ ამოცანად გარდაიქმნა.

მისივე თქმით, 2017 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ ღონისძიებას წარმატებით უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები