ბიბილოვი: საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, ტატუნაშვილის საკითხზე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს
ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო “პრეზიდენტმა”, ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილზე და მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური პარტიების ისტერიის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდია. მისივე თქმით, პარტიები ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე ცდილობენ.
„ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა. დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით.
გარდა ამისა, ისტერიის კიდევ ერთი წყარო დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ „სამხრეთ ოსეთი“, როგორც ოკუპირებული რეგიონი, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა“, – აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.