თამარ ჩუგოშვილი ნიუ-იორკში, UNDP-ის ხელმძღვანელს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესია მიმდინარეობს. სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით იღებს.

12 მარტს საქართველოს დელეგაციამ UNDP-ის ხელმძღვანელთან აქიმ შტეინერთან ორმხრივი შეხვედრა გ​ამართა. თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის სხვა წევრებმა UNDP-ის ხელმძღვანელს საქართველოში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და ძირითადი გამოწვევები გააცნეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, UNDP მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების, პარლამენტის გაძლიერების, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრაზე  აქიმ შტეინერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ UNDP-თვის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და წარმატებული მაგალითია რეგიონისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ბატონი სტეინერი შეძლებს მიიღოს ჩვენი მოწვევა და დაესწროს ღია მმართველობის პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს საქართველოში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში და სესიის მონაწილე დელეგაციებს სიტყვით მიმართავენ.

თამარ ჩუგოშვილი გენერალური დისკუსიის ფარგლებში სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მისი გამოსვლა შეეხება პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად ხორციელდება და ასევე, იმ გამოწვევებს, რომელიც ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში ხელს უშლის.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან, ქეთევან ხიდაშელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები