ირაკლი კობახიძე: პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებულიყო ჟენევის ფორმატი

“ჟენევის ფორმატს ამ ეტაპზე ალტერნატივა არ აქვს. ჟენევის ფორმატში განიხილება უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ფორმატი უნდა იყოს აქტიურად გამოყენებული და პრემიერის განცხადება გულისხმობდა იმას, რომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იყოს გამოყენებულიყო ჟენევის ფორმატი, მათ შორის შეთავაზება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ამაღლდეს  განხილვების რანგი, საუბარია პლენარულ განხილვებზე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ  იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეთავაზება მეორე მხარიდან კონსტრუქციულ პასუხს მიიღებს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს აქვს მკაფიო ხაზი და პრემიერის განცხადებაც ამ ხაზის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, თუმცა როდესაც საუბარია  დიალოგზე, ქართული მხარის პრინციპები ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხაზი. ეს მკაფიო ხაზი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, რომ შევთავაზოთ დიალოგი რუსეთის მხარეს იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით. ამავდროულად, ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, რასაც მუდმივად ვუსვამთ ხაზს და ეს წითელი ხაზები არის დაკავშირებული  ორ რამესთან. ერთი, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი და წითელი ხაზი, რომელიც ვერ გადაიკვეთება და არ გადაიკვეთება, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების მიერ და ჩვენი, ზოგადად, ხალხის მიერ.  მეორე,  ეს არის ჩვენი სწრაფვა დასავლური ინტეგრაციისკენ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.  ეს წითელი ხაზები იქნება აუცილებლად გათვალისწინებული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია დიალოგთან.

კიდევ ერთხელ,  დიალოგისთვის ჩვენ ვართ მზად, თუმცა, გვაქვს, რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენი პრინციპები და როდესაც საუბარია  დიალოგზე, რა თქმა უნდა,  ეს პრინციპები ყველამ უნდა გაითვალისწინოს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები